ფათალიანთ კოშკს კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი მიენიჭა

გამოწერა

თბილისი,  6 ოქტომბერი  — Sputnik.  ახმეტის მუნიციპალიტეტში, ზემო ხალაწანში მდებარე გვიანი შუა საუკუნეების ფათალიანთ კოშკს კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი მიენიჭა, ნათქვამია საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ვებ–გვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.

შესაბამისი ბრძანება უწყების დირექტორმა ნიკოლოზ ანთიძემ გასცა.

„ოთხსართულიანი კოშკი ნაგებია ნატეხი ქვით დუღაბზე.  შიგნიდან და გარედან მობათქაშებულია. პირველი სართული ყრუა. მეორე სართულის სამხრეთ კედელში შესასვლელი კარია გაჭრილი. ამავე კედლის მესამე და მეოთხე სართულზე სწორკუთხა სარკმელია. ასეთივე სარკმელია მეოთხე სართულის დასავლეთ კედელშიც. დანარჩენ კედლებზე ყველა სართულს სწოკრუთხა ნიშები აქვს. სართულშორისი გადახურვა ხის ყოფილა. კედლებში შემორჩენილია საძელეფოსოები. ჩამონგრეულია მეოთხე სართულის ზედა ნაწილი. მთლიანად ჩაფლულია მცენარეულ საფარში. კოშკი სათავდაცვო-საბრძოლო არქიტექტურის ერთ-ერთი კარგად შემორჩენილი ნიმუშია“, – აღნიშნულია განცხადებაში. 

კულტურული მემკვიდრეობის ძეგლისთვის ეროვნული კატეგორიის მინიჭება დაცვის მეტ გარანტიას გულისხმობს. ძეგლს ეროვნული მნიშვნელობა იმ შემთხვევაში ენიჭება, თუ მას გამორჩეული მხატვრული ან ესთეტიკური ღირებულება აქვს, ან თუ ის დაკავშირებულია მნიშვნელოვან ისტორიულ მოვლენასთან ან პიროვნებასთან.

2013 წლამდე ეროვნული მნიშვნელობის კატეგორიას ძეგლს საქართველოს პრეზიდენტი ანიჭებდა, ხოლო 2013 წლიდან — საქართველოს მთავრობა.

ყველა ახალი ამბავი
0