თბილისი, 5 ოქტომბერი - Sputnik. „თბილისობის“ საზეიმო ღონისძიებებთან დაკავშირებული სამზადისის გამო დღეიდან ქალაქში საავტომობილო მოძრაობა იზღუდება, იუწყება საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი.
კერძოდ: დილის 05:00 საათიდან ავტოტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალა ევროპის მოედანსა და მეტეხის ხიდზე, ასევე აბანოთუბნიდან გორგასლის მოედნის მიმართულებით.
მოძრაობა შესაძლებელია თუმანიანის ქუჩიდან კოტე აფხაზის ქუჩის გავლით.
21:00 საათიდან შეიზღუდება მოძრაობა რესპუბლიკის მოედანზე, ასევე ახვლედიანის მოედანსა და მიმდებარე ტერიტორიაზე.
რაც შეეხება ბარათაშვილის ხიდს, მისი მარცხენა პანდუსი სრულად გადაიკეტება.
აღსანიშნავია, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტი იმოძრავებს განკუთვნილ ზოლში: ახვლედიანის აღმართიდან ბარათაშვილის ხიდისა და წმ. ნიკოლოზის ეკლესიის მიმართულებით.
საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ცნობით, სატრანსპორტო მოძრაობა „თბილისობის“ დღესასწაულის დასრულებისთანავე სრულად აღდგება.
„თბილისობა 2018“ 6-7 ოქტომბერს გაიმართება. ამიერიდან დღესასწაულის აღნიშვნის ტრადიცია ოქტომბრის პირველ შაბათ-კვირას დამკვიდრდება. „თბილისობის“ დღესასწაული პირველად 1979 წელს აღინიშნა ცნობილი ქართველი მოგზაურის, ეთნოგრაფისა და ჟურნალისტის გვანჯი მანიას ინიციატივით. 1989-1994 წლებში ქვეყანაში არსებული რთული სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გამო „თბილისობა“ არ ჩატარებულა.