ქართველ მოჭადრაკე ქალებს საპრიზო ადგილის მოპოვების მინიმალური შანსი აქვთ

© FB / Georgian Chess Federationქალთა ნაკრები ჭადრაკში ბათუმის ოლიმპიადაზე
ქალთა ნაკრები ჭადრაკში ბათუმის ოლიმპიადაზე - Sputnik საქართველო
გამოწერა
საჭადრაკო ოლიმპიადაზე ბოლო ტურის წინ ჩინეთის ნაკრები ლიდერობს. ქართველი მოჭადრაკე ქალები ორი ქულით ჩამორჩებიან.

თბილისი, 5 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოს ქალთა პირველმა საჭადრაკო ნაკრებმა ვერ შეძლო ჩეხეთის გუნდის დამარცხება ბათუმში მიმდინარე საჭადრაკო ოლიმპიადაზე და მას საპრიზო სამეულში მოხვედრის მხოლოდ თეორიული შანსები დარჩა.

ბევრი სპეციალისტისთვის დიდი მოულოდნელობა იყო საქართველოსა და ჩეხეთის ნაკრებებს შორის ფრე - 2:2. ქართველ მოჭადრაკეებს უფრო მაღალი რეიტინგი აქვთ, ვიდრე მათ მეტოქეებს. თუმცა, ჯოანა ვორეკმა თეთრი ფიგურებით ნინო ბაციაშვილს მოუგო, ხოლო კრისტინა ნოვოსადოვამ შავი ფიგურებით - მერი არაბიძეს.

ნანა ძაგნიძე - Sputnik საქართველო
ნანა ძაგნიძე ქალთა შორის 2017 წლის მსოფლიოს საუკეთესო მოჭადრაკეა

ნანა ძაგნიძემ და ბელა ხოტენაშვილმა კაროლინა ოლსაროვასა და კრისტინა პეტროვას მოუგეს, მაგრამ საერთო გამარჯვებისთვის ეს საკმარისი არ აღმოჩნდა.

დასკვნითი სათამაშო დღის წინ საქართველოს ძირითადი ნაკრების აქტივში 15 ქულაა, გუნდი მეხუთე ადგილზე განთავსდა და ლიდერს – ჩინეთის ნაკრებს ორი ქულით ჩამორჩება. სამ ნაკრებს - უკრაინის, აშშ-ისა და სომხეთის გუნდებს 16-16 ქულა აქვთ. მეოთხე ადგილზეა რუსეთის ნაკრები, რომელსაც, საქართველოს ნაკრების მსგავსად, 15 ქულა აქვს.

ოლიმპიადის ბოლო ტურში, 5 ოქტომბერს საქართველოს პირველი ნაკრები დაუპირისპირდება სომხეთს, აშშ - უკრაინას, ხოლო რუსეთი - ჩინეთს. ბრინჯაოს მოპოვების ერთადერთი შანსი ქართველი მოჭადრაკეებისთვის ისაა, რომ დაამარცხონ სომხეთის ნაკრები და იმედი ჰქონდეთ, რომ რუსები ჩინელებს ვერ მოუგებენ, ხოლო აშშ და უკრაინა ყაიმით დაასრულებენ შეხვედრას. მესამე ადგილზე საქართველო მხოლოდ ამ შემთხვევაში გავა.

რაც შეეხება საქართველოს მეორე და მესამე ნაკრებებს, ამ ტურში მათ ერთნაირი ქულებით გაიმარჯვეს - 2,5:1,5. მეორე გუნდმა მოუგო იტალიის ნაკრებს, ხოლო მესამემ - ესტონეთს. სატურნირო ცხრილში მეორე გუნდი მე-11 ადგილზეა, მესამე – 29-ე ადგილზე.

 

ყველა ახალი ამბავი
0