თბილისი, 5 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და აზიის განვითარების ბანკს (ADB) შორის გაფორმდა შეთანხმება, რომელიც აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნულ ავტომაგისტრალზე ხევი-უბისას მონაკვეთის მშენებლობისთვის 255,2 მილიონი ევროს ოდენობის კრედიტის გამოყოფას ითვალისწინებს, ნათქვამია ფინანსთა სამინისტროს ვებ-გვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.
საქართველო აზიის განვითარების ბანკისგან მეტ თანხას მიიღებს>>>
12-კილომეტრიანი ხევი-უბისას მონაკვეთი რიკოთი-ზესტაფონის საავტომობილო გზის ერთ-ერთ ურთულეს უბანს წარმოადგენს.
პროექტი ითვალისწინებს ოთხზოლიანი გზის, 35 ხიდისა (ჯამური სიგრძით 8,3 კმ) და 20 გვირაბის (ჯამური სიგრძით 9,4 კმ) მშენებლობას. გზის მშენებლობა 2024 წლის ივნისში უნდა დასრულდეს.
„ახალი საგზაო ინფრასტრუქტურა ხელს შეუწყობს აღნიშნულ ავტომაგისტრალზე ტრანსპორტის ეფექტურ და უსაფრთხო გადაადგილებას, მგზავრობისა და ტრანსპორტირებისთვის საჭირო დროის შემცირებას, რაც ასევე ხელს შეუწყობს ქვეყანაში ტურიზმის განვითარებას. ამასთან, დადებითად აისახება საქართველოს, როგორც სატრანზიტო ქვეყნის ფუნქციის განვითარებაზე", – აღნიშნულია განცხადებაში.
საქართველო აზიის განვითარების ბანკის წევრია 2007 წლიდან. ADB-ს ფინანსური მხარდაჭერით საქართველოში პროექტები ხორციელდება როგორც კერძო, ისე სახელმწიფო სექტორებში. სახელმწიფო სექტორში, ძირითადად, ინფრასტრუქტურული პროექტები ფინანსდება: გზების, ენერგეტიკული და წყალგაყვანილობის სისტემების რემონტი და მშენებლობა, ასევე მრავალი მუნიციპალური პროექტი.
აღმოსავლეთი-დასავლეთის ტრასა, ანუ ევროპული სატრანზიტო გზა Е-60 სიდიდით მეორე ევროპული სატრანზიტო დერეფანია, რომელიც იწყება ბრესტში (საფრანგეთი) და მთავრდება ირკეშტამში (ყირგიზეთი). საქართველოში Е-60 აზერბაიჯანთან საზღვარზე იწყება და ფოთთან ახლოს მთავრდება. საქართველოში დერეფნის სიგრძე 392 კილომეტრს შეადგენს.