ლევან გეჯაძე საკმაოდ გამოცდილი მოლაშქრეა, თითქმის მთელი საქართველო ფეხით აქვს შემოვლილი. ამბობს, რომ ახლა განსაკუთრებულად ბედნიერ ეტაპზეა. ლევანმა ჩვენ მკითხველს გამოცდილება გაუზიარა და ლაშქრობაზე წასვლის მსურველთ სასარგებლო რჩევებიც მისცა.
– ბუნება ბავშვობიდანვე მიყვარდა, თავისი სიმწვანით და მიუწვდომელი მთებით. 2012 წლამდე ექსკურსიებზე და მარტივ ადგილებზე ვმოგზაურობდი. პირველად 2013 წელს წავედი ლაშქრობაში და იმხელა ემოციები მივიღე, რომ მივხვდი, უკვე შემდეგი წლისთვის უნდა შევმზადებულიყავი აქტიური სეზონისთვის. 2015 წელს კი ჩემი საუკეთესო მაჩვენებელი დავაფიქსირე და ფეხით საქართველოში 1010 კმ მოვიარე. დაწყების დღიდან ძალიან აქტიურად ჩავერთე ჯანმრთელი ცხოვრების ფერხულში, რამდენიმე წელიწადია უკვე პროფესიად გადავაქციე ჩემი ჰობი. მეგობრებმა ერთად დავაფუძნეთ მოლაშქრეთა კლუბი „მწვანე ზებრა“ და ახლა განსაკუთრებით ბედნიერ ეტაპზე ვარ.
– საქართველოს რომელ კუთხეებში ხართ ნამყოფი, როგორ დაახასიათებდით ჩვენ ქვეყანას?
– საქართველოს ყველა კუთხეში ნამყოფი ვარ ოკუპირებული ტერიტორიების გარდა და ყველა მხარეს განსაკუთრებული სილამაზე გამოარჩევს. ბუნება ძალიან ლამაზი და გამორჩეული გვაქვს. განსაკუთრებით ლამაზია ის ადგილები, სადაც მანქანები და ცხენებიც კი ვერ მიდიან, მხოლოდ ფეხებისა და საკუთარი სიჯიუტის ხარჯზე თუ ნახავ იმ ადგილებს. ორი სიტყვით რომ დავახასიათო საქართველო, ვიტყოდი – „ემოციების სამშობლო“.
– შეგიძლიათ გამოარჩიოთ საქართველოში რამდენიმე ადგილი, რაც ყველა ადამიანმა უნდა ნახოს?
- ეს თემა და კითხვა განსაკუთრებით მიჭირს ხოლმე. აუცილებლად არეული პასუხი მექნება ამ თემაზე, რადგან თითოეული ადგილის გახსენებისას ემოციები არ მასვენებს.
გამოსარჩევი ადგილები ბევრია, თუმცა მაინც რამდენიმეს დავასახელებდი. დავიწყებდი იმით, რომ, ჩემი აზრით, ყველა ქართველმა უნდა ნახოს დიდგორი, რაც ძალიან დიდ ემოციას იძლევა პირველ ჯერზე. ასევე დიდებულია ვარძიის კომპლექსი. ვიქნები ბანალური და ვიტყვი ტობავარჩხილის ტბებს, თუშეთსა და სვანეთს, რომელთა შედარებაც ვერაფრით მოვახერხე. ასევე დავამატებდი რამდენიმე ალპურ ოქროწყლის, შავი კლდეებისა და ყელიწადის ტბებს.
– არის ადგილი საქართველოში, რაც უნახავი დაგრჩათ და ძალიან გინდათ მისი ნახვა?
– რაც მეტს ვმოგზაურობ, მით უფრო ვხვდები, რომ ბევრი დამრჩა სანახავი. აქამდე თუ საქართველო რეგიონებად და კუთხეებად მქონდა დაყოფილი, ახლა უკვე ბილიკებად მაქვს დახარისხებული. კი, არის ისეთი ადგილები, რაც ჯერ ვერ მოვახერხე მენახა. მაგალითად, ეგრისის ქედზე სამი უცნობი ტბა დამრჩა სანახავი, სვანეთში რამდენი ტბა და შემდეგ წელს აუცილებლად ვესტუმრები. მაჭახელას ეროვნული პარკისა და ქობულეთის დაცული ტერიტორიებისთვისაც მოვიცლი აუცილებლად. ასევე მაქვს ადგილები სიბერისთვის გადანახული – შიომღვიმე, სათაფლია, ოკაცეს კანიონი. თუმცა, მაინც არ მგონია, გულმა სიბერემდე მომითმინოს.
– თქვენთვის აქვს მნიშვნელობა ვისთან ერთად მოგზაურობთ? ვინ არის თქვენთვის ყველაზე სასურველი თანამგზავრი?
– ჩემი პროფესიიდან გამომდინარე აქტიურად მიწევს უცხო ხალხთან შეხება და მათთან ერთად მოგზაურობა. მიუხედავად განსხვავებული ცხოვრების სტილისა და შეხედულებებისა, არასოდეს გამჭირვებია სხვა ადამიანებთან კომუნიკაცია, რადგან მთაში არის რაღაც საერთო, რაც ნებისმიერ ორ ადამიანს ერთმანეთთან დააკავშირებს. განსაკუთრებით ძნელი მეგობრებთან მოგზაურობაა, რადგან ხშირად „გეგმაგაწბილებულები“ ვბრუნდებით ხოლმე.
– მოგზაურობის დროს უცნაურ, კურიოზულ ან სახიფათო მდგომარეობაში თუ ჩავარდნილხართ?
– სახიფათო მდგომარეობები ადრე მქონდა, სანამ ბევრ რამეს გამოცდილებით ვისწავლიდი. განსაკუთრებით, როდესაც მარშრუტების ტესტირებაზე მივდიოდით ხოლმე. სრულიად ვერტიკალურ მთაზეც ავსულვარ, რაც ერთი შეხედვით წარმოუდგენელი ჩანდა სპეციალური სამთო აღჭურვილობის გარეშე. სველკლდიან რელიეფზეც დავცურებულვარ. თუმცა ახლა ყველაფერი ტკბილად მოსაგონარია და, მეტიც, ყველაზე დაუვიწყარი ზუსტად ისინია, რომლებმაც მეტი გულისცემა გამოიწვია.
– ბევრს ჰგონია, რომ მოგზაურობა დიდ თანხებთან არის დაკავშირებული. თქვნ როგორ გეგმავთ დაბალბიუჯეტიან მოგზაურობას? რეალურად ძვირი სიამოვნებაა საქართველოში მოგზაურობა და სხვადასხვა კუთხის მონახულება?
– მე ასე ვიტყოდი, რომ მოგზაურობა ძვირადღირებული სიამოვნებაა, თუ სიამოვნებაზეა საუბარი. მოგზაურობას, ლაშქრობას სპეციალური და კომფორტისთვის კარგად გათვლილი აღჭურვილობა უფრო სასიამოვნოს ხდის, რომელთა ღირებულებაც, დამერწმუნეთ, არც თუ ისე დაბალია. თუმცა, რა თქმა უნდა, საკუთარი ორგანიზმის ხარჯზე შეიძლება დაიკლო კომფორტი და არ შეიკავო თავი ლაშქრობისგან. საჭირო და სასურველი აღჭურვილობა კი პერიოდულად შეგემატება, მოთხოვნილებების დაკმაყოფილებასთან ერთად. მთავარია სწორად დაიწყო განვითარება, როგორც მოგზაურმა და მოლაშქრემ.
– ავტოსტოპით მოგზაურობაზე რას გვეტყვით, რა დადებითი და უარყოფითი მხარეები აქვს?
– ავტოსტოპით მოგზაურობა საკმაოდ მხიარული და საინტერესო პროცესია. არაერთხელ მიმოგზაურია და გამომიყენებია ავტოსტოპი, ყოველ ჯერზე ბედნიერი და კმაყოფილი ვიყავი იმ ხალხთან შეხვედრით, რომელთაც თავისი უმნიშვნელო საქციელით ამხელა ემოცია მაჩუქეს. ავტოსტოპით მოგზაურობა თავგადასავალს უფრო ამრავალფეროვნებს, თუმცა ეს უფრო იმ ადამიანებისთვისაა, ვისაც ბევრი დრო აქვს. არის ცხოვრებაში რაღაც ეტაპი, რომელზეც ამ გამოცდილების სურვილი გაქვს. დროის უქონლობასთან ერთად მერე უკვე ცდილობ უფრო ორგანიზებული გახადო შენი მოგზაურობა და იქ უკვე ავტოსტოპის ადგილი აღარაა.
– რა მარშრუტი და რა სირთულის ლაშქრობა უნდა შეარჩიოს ადამიანმა, რომელიც პირველად მიდის ლაშქრობაში, რას ურჩევთ მათ?
– ლაშქრობაზე წასასვლელად, მე ვიტყოდი, დასაწყებად ძალიან კარგია დიდგორი. დიდებული სანახაობაა წელიწადის ნებისმიერ დროს. შემდეგ კი მრავალი მარტივი ბილიკია, რისი მონახულებაც შეუძლია მოტივირებულ მოლაშქრეს. ბორჯომის ბილიკები, მტირალას ეროვნული პარკის ბილიკები, ჯუთაც ძალიან ლამაზია, თრუსოს ხეობა. როგორც კი მოთხოვნილებები და შესაძლებლობები მოაწვება ადამიანს, შემდეგ უკვე შავი კლდეების ტბის ბილიკი, არხოტი, ტობავარჩხილები, სვანეთისა და რაჭის ბილიკები.
– რა უნდა ჩავიცვათ, რა ნივთები წავიღოთ და რა გავითვალისწინოთ ლაშქრობის დროს?
– მეტი კომფორტისთვის და ჯანმრთელი ცხოვრებისთვის აუცილებელია ოქროს ოთხეულის კარგად შერჩევა, იგულისხმება ჩანთა, კარავი, საძილე ტომარა, საგებელი. თუმცა მანამდე ფეხსაცმელზე უნდა გააკეთონ მაქსიმალურად კარგი არჩევანი. ჩანთაში ასევე აუცილებლად უნდა მოუძებნოთ ადგილი პირად აფთიაქს და მრავალგამოყენებად ჭურჭელს.
ლაშქრობაზე წასვლის წინ აუცილებლად უნდა მოამზადოთ მარშრუტი და კარგად შეისწავლოთ გასავლელი რელიეფისა და ბილიკის მდგომარეობა. წინასწარ განსაზღვროთ რისკები და მაქსიმალურად აირიდოთ საფრთხეები სწორი გეგმარებით. ჯგუფის შემთხვევაში აუცილებლად ერთმა მაინც უნდა იცოდეს მარშრუტის სისწორე, ან კარგი ორიენტირებისა და საჭირო უნარებით გამოირჩეოდეს.
არავითარ შემთხვევაში არ წახვიდეთ ადგილობრივი ადამიანებისა და სხვისი შეწევნის იმედზე.
– ახლო მომავალში სად გეგმავთ გამგზავრებას, რის მონახულებას აპირებთ?
– ახლო მომავალში ვაშლოვანის ეროვნულ პარკს ვეწვევით ჩვენი ჯგუფი, მოვინახულებთ და დავტკბებით ულამაზესი ნახევარუდაბნოს ტიპის ბუნებით. მერე და მერე კი იქნება ჭრელი ფშავ-გუდამაყარი, სვანეთის ხუთი ბილიკი და მრავალი სხვა.