თბილისი, 4 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ გერმანული ვოკალური შოუს The Voice of Germany გამარჯვებული ნათია თოდუა და მისი ოჯახის წევრები მიიღო, ნათქვამია საპატრიარქოს Facebook-გვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.
მომღერალმა პატრიარქთან შეხვედრისას აფხაზეთზე სიმღერა შეასრულა, რომელიც დეკანოზ პეტრე კვარაცხელიას ლექსზე შეიქმნა.
„მისმა უწმინდესობამ ახალგაზრდა ქართველ მომღერალს გამარჯვება მიულოცა, დალოცა და შემდგომი წარმატებები უსურვა", – ნათქვამია საპატრიარქოს განცხადებაში.
ილია მეორესთან შეხვედრის ამსახველი ფოტოები ნათია თოდუამ სოციალურ ქსელში გაავრცელა და ერთადერთი სიტყვა „სიყვარული" წააწერა.
ნათია თოდუა 1996 წლის 12 მარტს აფხაზეთში, გალის რაიონში დაიბადა, გაიზარდა სოფელ ნაბაკევში, სადაც დაამთავრა სკოლა. თბილისში ნათია გლდანში იძულებით გადაადგილებულ პირთა საერთო საცხოვრებელში ცხოვრობდა. სწავლობდა თბილისის კავკასიის უნივერსიტეტში ბიზნეს-ადმინისტრირების სპეციალობით.
გერმანულ Voice-ში მონაწილეობამდე ნათიამ 2014 წელს მონაწილეობა მიიღო ქართულ X-Factor-ში, ხოლო 2015 წელს – უკრაინულში. ორივე პროექტში ნათია გამორჩეული იყო.
ამ დროისთვის ნათია ცხოვრობს და მუშაობს გერმანიაში.