თბილისი, 4 ოქტომბერი — Sputnik. ბათუმში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ორი ადამიანი გარდაიცვალა, ორი კი მძიმედ დაშავდა, იუწყება აჭარის ტელევიზია.
ავტოსაგზაო შემთხვევა ბათუმში, აეროპორტის გზატკეცილზე დღეს მოხდა.
არსებული ინფორმაციით, ერთმანეთს მსუბუქი ავტომობილი და ავტობუსი შეეჯახნენ, რის შედეგადაც მსუბუქ ავტომობილს ცეცხლი გაუჩნდა, თუმცა მეხანძრე-მაშველების მისვლამდე მისი ჩაქრობა რიგითმა მოქალაქეებმა შეძლეს.
ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად მსუბუქი ავტომობილის მძღოლი ადგილზე გარდაიცვალა, ხოლო ავტომობილში მყოფი მეორე მგზავრი ბათუმის საუნივერსიტეტო კლინიკაში მიყვანამდე გარდაიცვალა. ექიმების თქმით, 30 წლამდე ასაკის ქალს სიცოცხლისთვის შეუსაბამო დაზიანებები აღენიშნებოდა.
შემთხვევის შედეგად კიდევ ორი მგზავრი დაშავდა. პაციენტების მდგომარეობა მძიმეა. ისინი რესპუბლიკურ და რეფერალურ საავადმყოფოებში არიან მოთავსებული.
მომხდარ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს და ისჯება ჯარიმით, ან თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე.