ქართველი მოჭადრაკე ქალები ბათუმის ოლიმპიადაზე პირველად დამარცხდნენ

© photo: Sputnik43-ე საჭადრაკო ოლიმპიადა ბათუმში
43-ე საჭადრაკო ოლიმპიადა ბათუმში - Sputnik საქართველო
გამოწერა
ამ მარცხის გამო საქართველოს ქალთა ძირითადი გუნდი სატურნირო ცხრილში დაქვეითდა.

თბილისი, 3 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოს ჭადრაკის ქალთა ძირითადი ნაკრები ბათუმში მიმდინარე მსოფლიო საჭადრაკო ოლიმპიადაზე პირველად დამარცხდა.

ტურნირის მერვე სათამაშო დღეს საქართველოს პირველმა გუნდმა ყაზახეთთან 1:3 წააგო. ლეილა ჯავახიშვილმა და მერი არაბიძე შავი ფიგურებით წააგეს, ხოლო ნანა ძაგნიძე და ნინო ბაციაშვილი თეთრი ფიგურებით ყაიმს დასჯერდნენ.

ნანა ძაგნიძე - Sputnik საქართველო
ნანა ძაგნიძე ქალთა შორის 2017 წლის მსოფლიოს საუკეთესო მოჭადრაკეა

ამ მარცხმა ქართული გუნდი სატურნირო ცხრილში მნიშვნელოვნად დააქვეითა. ქალთა პირველი ნაკრები მეოთხე ადგილიდან მეცხრე პოზიციაზე გადავიდა. ოლიმპიადის დასრულებამდე სამი დღით ადრე ძირითად გუნდს აქტივში 12 ქულა აქვს. ამგვარად, პირველი ნაკრები შეჯიბრების ლიდერებს - ჩინეთსა და უკრაინას ორი ქულით ჩამორჩება.

გამარჯვება ვერ შეძლო ასევე მეორე ნაკრებმა. მან აზერბაიჯანთან 1,5:2,5 წააგო. ამ დამარცხების გამო ის ცხრილში მე-13 ადგილზე გადავიდა.

ოლიმპიადის მეცხრე ტურში საქართველოს ქალთა პირველი ნაკრები მონღოლეთის გუნდს შეხვდება, მეორე ნაკრები - სერბეთის, ხოლო მესამე - ვიეტნამის გუნდს.

რაც შეეხება მამაკაცთა გუნდების თამაშებს, აქ ერთპიროვნული ლიდერია აშშ-ის ნაკრები 15 ქულით. შემდეგ მოდიან პოლონეთი (14 ქულა) და აზერბაიჯანი (13).

საქართველოს მამაკაცთა პირველ ნაკრებს ცხრილში 38-ე ადგილი უკავია, მეორე ნაკრებს - მე-40, ხოლო მესამეს – მე-60.

საჭადრაკო ოლიმპიადა ბათუმში 5 ოქტომბერს დასრულდება.

 

ყველა ახალი ამბავი
0