ვინ წარადგენს საქართველოს „საბავშვო ევროვიზიაზე"

გამოწერა
შარშან თამარ ედილაშვილი X Factor Georgia-ს ნახევარფინალისტი იყო.

თბილისი, 1 ოქტომბერი — Sputnik. სიმღერის რიგით მე-16 საერთაშორისო კონკურსზე „საბავშვო ევროვიზია 2018", რომელიც მინსკში 25 ნოემბერს გაიმართება, საქართველოს თამარ ედილაშვილი წარადგენს, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

ევროპის მაუწყებელთა კავშირმა საბავშვო ევროვიზიის ჩატარების ადგილად მინსკი გასული წლის მიწურულს შეარჩია. კონცერტი ჩატარდება „მინსკი-არენაზე".

კონკურსის სლოგანია #light Up! („დაანთე ცეცხლი"). 

საბავშვო ევროვიზიაში მონაწილეობენ 15 წლამდე შემსრულებლები.

ჟიურის გადაწყვეტილებით, "საბავშვო ევროვიზიის" რიგით მე-16 კონკურსში საქართველოს თამარ ედილაშვილი წარადგენს სიმღერით „შენი ხმა". საბავშვო ევროვიზიის საკონკურსო სიმღერის ავტორია სოფო ტოროშელიძე, ხოლო ტექსტი ალექსანდრე ლორთქიფანიძეს ეკუთვნის.

თამარ ედილაშვილი შარშან ქართული X Factor-ის ნახევარფინალისტი გახდა. მან ფინალში გასვლა ვერ შეძლო და კატეგორია „ბავშვებში" გამარჯვება მის ძირითად კონკურენტ გრიგოლ ყიფშიძეს დაუთმო. ედილაშვილს გამარჯვებამდე ხმების რამდენიმე პროცენტი დააკლდა.

2017 წელს სწორედ გრიგოლ ყიფშიძემ წარადგინა საქართველო „საბავშვო ევროვიზიაზე", სადაც მეორე ადგილი დაიკავა. კონკურსზე პირველი ადგილი რუს კონკურსანტ პოლინა ბოგუშევიჩს ერგო.

საქართველო „საბავშვო ევროვიზიის" გამარჯვებული სამჯერ გახდა — 2008, 2011 და 2016 წლებში.

 

ყველა ახალი ამბავი
0