თბილისი, 1 ოქტომბერი — Sputnik. დღეიდან საქართველოს საჰაერო სივრცე კიდევ უფრო დაცული და ეფექტიანად კონტროლირებული იქნება, ნათქვამია საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე, თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია და გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი ვლადიმერ ჩაჩიბაია დღეს ალექსეევკის შერეულ საავიაციო ბაზას ესტუმრნენ, სადაც სამხედრო ავიაციის დღე აღინიშნა, და ფრანგული კომპანია Thales LAS SAS და MBDA-სგან შესყიდული რადიოლოკაციური სადგურები, მართვისა და მოხსენების მობილური ცენტრი და ახლო მოქმედების საზენიტო-სარაკეტო სისტემები დაათვალიერეს.
„ჩვენი მთავარი მიზანია თანამედროვე სტანდარტების მქონე და თავდაცვისუნარიანი შეიარაღებული ძალების განვითარება, რომელიც სრულ თანხვედრაში იქნებას ნატოს სტანდრატებთან. ჩვენ ამისთვის ძალისხმევას არ დავიშურებთ“, — განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ბახტაძემ.
თავდაცვის მინისტრმა იზორიამ კი განმარტა, რომ უწყება მზადაა, გადავიდეს მეორე ეტაპზე და საქართველოს საჰაერო სივრცის მაქსიმალური დაცვის მიზნით, ავიაცია საჰაერო თავდაცვის კომპონენტებით აღჭურვოს.
„ავიაციასთან დაკავშირებით წელს ბიუჯეტიდან 23 მილიონი გამოიყო, პარალელურად ჩვენმა სტრატეგიულმა პარტნიორმა — აშშ-მა გამოთქვა მზადყოფნა, გამოყოს ფინანსები ჩვენი საავიაციო შესაძლებლობების რემონტისა და მოდერნიზებისთვის, რათა თავდაცვითი ამოცანების შესრულებასთან ერთად, შესაძლებელი გახდეს სამაშველო და ხანძარსაწინააღმდეგო ოპერაციების განხორციელება“, — განაცხადა იზორიამ.
თავდაცვის უწყების განცხადებით, „საზენიტო-სარაკეტო სისტემები მეტად ეფექტურია როგორც მხარდამჭერი ოპერაციებისათვის, ასევე მაღალი მნიშვნელობის ობიექტების დასაცავად“.
აღსანიშნავია, რომ ფრანგული ტექნიკის ექსპლუატაციის მიზნით, ავიაციისა და საჰაერო თავდაცვის სარდლობაში კადრების რეორგანიზაცია განხორციელდა, შეიქმნა ახალი შტატები და მოეწყო ტექნიკის მიღებისათვის საჭირო საწვრთნელ-სატესტო ბაზა.