თბილისი, 1 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოში დღეიდან 15 მიკრონზე ნაკლები სისქის პოლიეთილენის პარკების გამოყენების, იმპორტისა და წარმოებისთვის ჯარიმები ამოქმედდა, იუწყება „პალიტრა ნიუსი“.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის მიხედვით, რეგულირების წესების დარღვევისთვის მეწარმე სუბიექტი პირველ ჯერზე 500 ლარით, ხოლო იგივე ქმედების განმეორების შემთხვევაში – 1000 ლარით დაჯარიმდება. ამასთან კონფისკაციას დაექვემდებარება შესაბამისი პროდუქცია.
ნარჩენებისა და ქიმიური ნივთიერებების მართვის სამსახურის უფროსის ალვერდ ჩანქსელიანის თქმით, სამინისტროს ჰქონდა ხანგრძლივი კონსულტაციები იმ კომპანიებთან, რომლებიც აღნიშნულ სფეროში საქმიანობენ და მათ ჰქონდათ დრო ტექნოლოგიების ბიოდეგრადირებადი პარკების წარმოებაზე გადასაწყობად.
მისი თქმით, გარდა ამისა, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შესატანი ცვლილებების თაობაზე ასევე ინფორმირებული იყვნენ ეგრეთ წოდებული ცელოფნის პარკების იმპორტიორი კომპანიები, რომლებიც დღეიდან ასევე ვალდებული ხდებიან, ნაცვლად პოლიეთილენისა, ასევე მხოლოდ ბიოდეგრადირებადი პარკები შემოიტანონ ქვეყანაში.
ქვეყნის მთავრობას დაგეგმილი აქვს 2019 წლის აპრილიდან ნებისმიერი სისქის პოლიეთილენის პარკების გამოყენების, იმპორტისა და წარმოების აკრძალვა.