თბილისი, 30 სექტემბერი – Sputnik. თბილისის ცენტრში, დიუმას ქუჩაზე 25 წლის ახალგაზრდა ცივი იარაღით დაჭრეს. ის საავადმყოფოში გადაყვანიდან მალევე გარდაიცვალა, იუწყება ტელეკომპანია „რუსთავი2“.
შემთხვევა დღეს, გამთენიისას მოხდა, ერთ–ერთი ადგილობრივი მცხოვრების თქმით, დილის დაახლოებით 04:00 საათზე. ასევე დაჭრილია ერთი ახალგზარდა, რომელიც კლინიკაში მკურნალობს.
ტელეკომპანის მონაცემებით, ინციდენტი თავისუფლების მოედანზე მდებარე ერთ-ერთ ბარში დაიწყო და დიუმას ქუჩაზე გაგრძელდა. ვიტალი საფაროვს მრავლობითი ჭრილობები მიაყენეს, მათ შორის სახის არეშიც. ჩხუბის მონაწილეებმა დაჭრილი მიატოვეს და გაიქცნენ. ის ადგილობრივმა მცხოვრებლებმა იპოვეს და პოლიცია გამოიძახეს.
რა გახდა მკვლელობის მიზეზი, ჯერჯერობით უცნობია.
გარდაცვლილის ოჯახი და ახლობლები საქმის დროულად გამოძიებას ითხოვენ.
„სასიკვდილოდ იყო დაჭრილი ჩვენი თანამშრომელი და ჩემი მეგობარი. ის იმყოფებოდა თავის მეგობართან ერთად. ისიც დაჭრილია, რამდენადაც ჩვენ ვიცით და იმყოფება ერთ-ერთ საავადმყოფოში... ერთადერთი, რასაც ჩვენ ვითხოვთ, ეს არის სწრაფი, ეფექტური გამოძიება“, - განაცხადა გარდაცვლილის მეგობარმა აგიტ მირზოევმა.
სისხლის სამართლის საქმე განზრახ მკვლელობის მუხლით აღიძრა.
ამჟამად ცხედარი ექსპერტიზაზეა გადასვენებული.