თბილისი, 29 სექტემბერი — Sputnik. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური საკუთარ ვებგვერდზე აქვეყნებს დოკუმენტს სახელწოდებით „მოწვევა ინტერესთა გამოხატვის თაობაზე სათამაშო ბიზნესის კონტროლის მიზნით განსახორციელებელი სამუშაოების შესახებ“.
ამ სახით ხელისუფლება დაინტერესებულ პირებს სთავაზობს იმ პროექტის წარმოდგენას, რომელშიც ქვეყანაში სათამაშო ბიზნესის კონტროლის მექანიზმები იქნება გაწერილი.
„არსებული მდგომარეობით, შემოსავლების სამსახურს არ გააჩნია ბერკეტი დააწესოს და განახორციელოს სრულყოფილი კონტროლი გადასახადების გადახდის და სანებართვო პირობების შესრულებაზე, ვინაიდან არ გააჩნია კონტროლის განხორციელებისათვის საჭირო ინფორმაცია“, — ნათქვამია დოკუმენტში.
კონტროლის განსახორციელებლად შემოსავლების სამსახურს უნდა ჰქონდეს ინფორმაცია:
- თითოეულ სათამაშო აპარატში შესული და გასული თანხების შესახებ;
- სათამაშო აპარატის მოგების გაცემის პროცენტის ოდენობის შესახებ;
- სათამაშო აპარატების სალონის შემთხვევაში — ტრანზაქციების ისტორიის შესახებ;
- ტოტალიზატორის შემთხვევაში — ყველა დადებული ბილეთის ისტორიის შესახებ.
ამასთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური აცხადებს კონკურსს შესაბამისი პროექტის შექმნაზე. კანდიდატებს განცხადებების წარდგენა 2018 წლის 1 ოქტომბრის ჩათვლით შეუძლიათ, ხოლო სამუშაოები, სავარაუდოდ, 1 დეკემბერს დაიწყება.
ბოლო მონაცემებით, საქართველოში დაახლოებით 6,4 ათასი სათამაშო აპარატი, 7 ონლაინ-კაზინოს ვებგვერდი და 90 ტოტალიზატორია.