თბილისი, 29 სექტემბერი — Sputnik. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ინგირში საცხენოსნო დოღი „ანაკლიის თასი 2018“ გაიმართა, იუწყება ტელეკომპანია „იმედი“.
დოღში საქართველოს ყველა კუთხის წარმომადგენელი იღებდა მონაწილეობას. „ანაკლიის თასი 2018“ საპრიზო ფონდი 25 ათას ლარს შეადგენდა.
გამარჯვებული ოთხ კატეგორიაში გამოვლინდა. ორი შეჯიბრი მოიგო და პირველი ადგილი დაიკავა თორნიკე თოდრიამ. დანარჩენი პოზიციები გადაინაწილეს საბა ეხვაიამ და აზერო ალიევმა.
„ცხენოსნობა მხოლოდ სპორტი არ არის. ის ჩვენი ხასიათი, კულტურა და ტრადიციაა. ადრე ენგურის ხიდთან ყოველწლიურად იმართებოდა ქართველი და აფხაზი ცხენოსნების შეჯიბრი. ჩვენი მიზანია აღვადგინოთ საერთო კავკასიური და ქართული მხედრული ტრადიციები, მხარი დავუჭიროთ ქართული საცხენოსნო სკოლის განვითარებასა და მისი საერთაშორისო ასპარეზზე გატანა ვცადოთ,“ - განაცხადა „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ დამფუძნებელმა მამუკა ხაზარაძემ.
საცხენოსნო დოღს წელს ჩაეყარა საფუძველი. მამუკა ხაზარაძის განმარტებით, დოღი ყოველწლიური გახდება და საერთაშორისო მასშტაბს მიიღებს.