თბილისი, 29 სექტემბერი – Sputnik. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ წლის დასაწყისიდან 39 პირი დააკავა ქურდული სამყაროს წევრობისა თუ მისთვის მხარდაჭერის ბრალდებით, ნათქვამია უწყების ოფიციალურ ვებგვერდზე.
გარდა ამისა, საფრანგეთსა და საბერძნეთში, ევროპელ სამართალდამცველებთან თანამშრომლობის შედეგად, დაკავებულია დანაშაულებრივი დაჯგუფების წევრი, საქართველოს 127 მოქალაქე, და ასევე 12 „კანონიერი ქურდი“.
„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო აგრძელებს ქურდული სამყაროს წინააღმდეგ უკომპრომისო ბრძოლას, რომლის მიზანია ქვეყანაში ქურდული სამყაროსა და მასთან დაკავშირებული კრიმინალური მენტალიტეტის საბოლოოდ აღმოფხვრა“, — ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
სამინისტრო შეახსენებს საზოგადოებას, რომ მიმდინარე წლის აპრილიდან, ქურდული სამყაროსა და მასთან დაკავშირებული კრიმინალური მენტალიტეტის აღმოფხვრის მიზნით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ სისხლის სამართლის კოდექსში განხორციელებული ცვლილებების საფუძველზე, „ქურდულ სამყაროსთან“ დაკავშირებული დანაშაულებრივი ქმედებების წრე გაფართოვდა.
კერძოდ, „კანონიერ ქურდობასა“ და „ქურდული სამყაროს წევრობასთან“ ერთად, სისხლის სამართლის წესით დასჯადი გახდა „ქურდულ შეკრებაში მონაწილეობა“, „ქურდული სამყაროს საქმიანობის მხარდაჭერა“ და „ქურდული სამყაროს წევრისთვის ან კანონიერი ქურდისთვის მიმართვა“, რაც 3-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.