თბილისი, 28 სექტემბერი — Sputnik. საქართველო, როგორც ადამიანის უფლებების დაცვის სფეროში სამაგალითო და წარმატებული ქვეყანა, მსოფლიოს 13 ქვეყანას შორის მოხვდა, ნათქვამია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ბახტაძემ საქართველოს მიღწევებზე გაეროს ტრიბუნიდან ისაუბრა>>>
უწყების ცნობით, ადამიანის უფლებების დაცვის საკითხებში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენლის ინიციატივაში Good Human Rights Stories (GHRS) საქართველო პენიტენციურ სისტემაში განხორციელებული რეფორმებით მოხვდა. აღნიშნული ინიციატივა მსოფლიოს 13 ქვეყანას აერთიანებს და საქართველო რეგიონში ერთადერთია, რომელიც ამ სიაში მოხვდა.
აღნიშნული ინიციატივა და მასში შემავალი ქვეყნები გაეროს გენერალური ასამბლეის 73-ე სესიის ფარგლებში ორგანიზებულ სპეციალურ ღონისძიებაზე წარადგინეს. ღონისძიება გაეროს გენერალურმა მდივანმა ანტონიო გუტიერეშმა და ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო ურთიერთობათა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ფედერიკა მოგერინიმ გახსნეს.
როგორც გაეროს გენერალურმა მდივანმა განაცხადა, არ შეიძლება ბოლო ათწლეულების მანძილზე მიღწეული პროგრესის დავიწყება.
„ადამიანის უფლებები რეალური ადამიანების რეალური ისტორიებია, სამყაროს შეცვლის რეალური ფაქტებია. ამ მაგალითების გაზიარებას უკიდეგანოდ პოზიტიური ეფექტი ექნება. დარწმუნებული ვარ, რომ მსოფლიოს ერთ კუთხეში მიღწეული პროგრესი ნაყოფს სხვაგანაც გამოიღებს", – განაცხადა ანტონიო გუტიერეშმა.
ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა მადლობა გადაუხადა ინიციატივის მონაწილე ქვეყნებს და აღნიშნა, რომ ღონისძიება სწორედ მათი საქმიანობის წარმოჩენას ემსახურება.
ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი და საქართველოს პენიტენციურ სისტემაში გატარებული რეფორმები წარადგინა. მისი თქმით, 2012 წელს საქართველოს მთავრობამ მემკვიდრეობად უაღრესად პოლიტიზირებული და რეპრესიული პენიტენციური სისტემა მიიღო, გატარებული რეფორმებით კი საქართველო დღეს მსოფლიოსთვის სამაგალითოა.
ღონისძიების მიმდინარეობისას საქართველოს პენიტენციურ სისტემაში გატარებული რეფორმების შესახებ გადაღებული დოკუმენტური ფილმიც წარადგინეს.
ღონისძიების მონაწილეებმა მიიღეს ერთობლივი კომუნიკე, რომლითაც შეთანხმდნენ, ხელი შეუწყონ ინიციატივის ფარგლებში წარმოდგენილი წარმატებული მაგალითების გავრცელებას მსოფლიოში.
„ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის" მიღებიდან 70 წლის იუბილეს აღსანიშნავად ინიციატივა Good Human Rights Stories ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებში ევროკავშირის სპეციალურმა წარმომადგენელმა სტავროს ლამბრინიდისმა წარმოადგინა. მისი განცხადებით, ინიციატივის ფარგლებში შემუშავებულ სიაში შესულია ადამიანის უფლებების სფეროში სამაგალითო და წარმატებული ქვეყნები, სადაც ჩამოყალიბდა და დამკვიდრდა ადამიანის უფლებების კარგი სისტემა.
საქართველოსთან ერთად, რეგიონთაშორისი ჯგუფის წევრებად მიწვეული არიან ნორვეგია, არგენტინა, ახალი ზელანდია, ურუგვაი, ჩილე, ინდონეზია, კორეა და სხვა ქვეყნები. აღსანიშნავია, რომ ევროკავშირის არაწევრი ქვეყნების წარმატების მაქსიმალურად წარმოჩენის მიზნით აღნიშნულ სიაში შეყვანილი არ არიან ევროკავშირის წევრი სახელმწიფოები.