თბილისი, 28 სექტემბერი — Sputnik. მსოფიოში ცნობილი ქართველი მეცო-სოპრანო ანიტა რაჭველიშვილი 25 ოქტომბერს საქველმოქმედო გალა-კონცერტზე გამოვა, რომლის სტუმარი იქნება ცნობილი ჩინელი ვირტუოზი მევიოლინე ZIYU HE (ძიუი ჰე), ნათქვამია ორგანიზატორების განცხადებაში.
მუსიკოსები თბილისის საკონცერტო დარბაზის (ფილარმონია) სცენაზე გამოვლენ.
კონცერტის ორგანიზატორია საქველმოქმედო ფონდი „იავნანა". გაყიდული ბილეთებით მიღებული თანხა ეროვნული სიმფონიური ორკესტრის მევიოლინის ვატო მაღრაძის მკურნალობას მოხმარდება.
ანიტა რაჭველიშვილს თანხლებას გაუწევს ევგენი მიქელაძის სახელობის საქართველოს ეროვნული სიმფონიური ორკესტრი ნიკოლოზ რაჭველის დირიჟორობით. ცნობილი საოპერო მომღერალი კონცერტზე სწორედ რაჭველის ორიგინალურ ნაწარმოებებს შეასრულებს.
ZIYU HE 19 წლისაა. მან 2014 წელს ახალგაზრდა შემსრულებელთა კონკურსზე „ევროვიზია" (Eurovision Young Musicians) გაიმარჯვა. ახალგაზრდა მუსიკოსს წარმატებული კონცერტები აქვს ჩატარებული დიდ ბრიტანეთში, შვეიცარიაში, საფრანგეთში, გერმანიაში, შვედეთში, იტალიასა და ისრაელში.