თბილისი, 28 სექტემბერი — Sputnik. საქართველოს ბიზნეს-ომბუდსმენმა ირაკლი ლექვინაძემ და კონკურენციის სააგენტოს თავმჯდომარემ ნოდარ ხადურმა თანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერეს ხელი, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.
მემორანდუმის მიზანია მხარეებმა გააძლიერონ თანამშრომლობა და ხელი შეუწყონ პირის სამეწარმეო საქმიანობასთან დაკავშირებული უფლებებისა და კანონიერი ინტერესების დაცვას, კონკურენციის პოლიტიკის ეფექტიანად წარმართვასა და თავისუფალ კონკურენციას.
ბიზნეს-ომბუდსმენის აპარატში აცხადებენ, რომ მათ ოფისსა და კონკურენციის სააგენტოს თანამშრომლობისა და საკითხების ერთობლივად გადაწყვეტის კარგი გამოცდილება აქვთ.
„როდესაც ჩვენ მოგვმართავენ ფაქტებით, რომლებიც უკავშირდება არაკეთილსინდისიერ კონკურენციას, ან მსგავსი ტიპის მოქმედებებს, ჩვენ ამ საკითხებს ვიხილავთ კონკურენციის სააგენტოსთან ერთად და ეს მემორანდუმიც დაგვეხმარება, რომ კიდევ უფრო გავაღრმავოთ ჩვენი თანამშრომლობა“, – განაცხადა ირაკლი ლექვინაძემ.
მემორანდუმით მხარეები ადასტურებენ თანამშრომლობას კონკურენტული გარემოს გაუმჯობესებისა და ბაზარზე თავისუფალი, სამართლიანი სავაჭრო პრინციპების უზრუნველყოფის მიმართულებით. ასევე, საჭიროების შემთხვევაში, ერთობლივად შეიმუშავებენ წინადადებებს საქართველოს კანონმდებლობაში არსებული იმ რეგულაციების შესახებ, რომლებიც, შესაძლოა, ზღუდავდეს თავისუფალ კონკურენციას და აფერხებდეს პირის მიერ სამეწარმეო საქმიანობის განხორციელებასთან დაკავშირებული უფლებებისა და კანონიერი ინტერესების დაცვას.