საქართველო აზიის განვითარების ბანკისგან მეტ თანხას მიიღებს

გამოწერა
აზიის განვითარების ბანკი საქართველოში საპენსიო რეფორმებთან დაკავშირებული პროექტების დაფინანსებაში მონაწილეობის მიღებას აპირებს.

თბილისი, 27 სექტემბერი – Sputnik. აზიის განვითარების ბანკი (ADB) საქართველოსთვის საინვესტიციო პორტფელის გაფართოებას აპირებს, განაცხადა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი ქობულიამ.

ქობულია შეხვდა საქართველოში აზიის განვითარების ბანკის მუდმივ წარმომადგენელს იეშიმ ელჰან-კაიალარს და მასთან ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები განიხილა.

საქართველოს ფინანსთა სამინისტრო - Sputnik საქართველო
აზიის განვითარების ბანკი საქართველოში ინვესტიციებს გაზრდის

„აზიის განვითარების ბანკს საქართველოში უკვე განხორციელებული აქვს 3 მლრდ დოლარამდე ინვესტიცია, დღესდღეობით კი 1,5-მილიარდიანი პორტფელი. ეს, პრაქტიკულად, ჩვენი ეროვნული პროდუქტის 10%-ს შეადგენს. ბანკი აპირებს ამ პორტფელის გაფართოებას. კერძოდ, ჩვენ ვისაუბრეთ ენერგეტიკის სფეროში ADB-ს პორტფელის გაფართოების საკითხზე, ასევე საპენსიო რეფორმისა და PPP-ს კანონის დანერგვა-მხარდაჭერაზე“, – ციტირებს ქობულიას სამინისტროს პრეს-სამსახური.

გარდა ამისა, მინისტრის განცხადებით, მხარეებმა განიხილეს ADB-ს მიერ საქართველოში საშუალო და მცირე ბიზნესის მხარდაჭერის საკითხები.

„ბანკი რეგიონებში განახორციელებს ტექნიკურ და ფინანსურ დახმარებას მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის, რათა ისინი ერთმანეთს დააკავშიროს, მაგალითად, სასტუმროები და პროდუქტების მწარმოებლები, რათა მათ ითანამშრომლონ. ბანკი ასევე დააფინანსებს მათ ბიზნესებს, რათა შეძლონ პროდუქციის შექმნა თუ სასტუმროს აშენება“, – განაცხადა ქობულიამ.

საქართველო აზიის განვითარების ბანკის წევრია 2007 წლიდან. ADB-ს ფინანსური მხარდაჭერით საქართველოში პროექტები ხორციელდება როგორც კერძო, ისე სახელმწიფო სექტორებში. სახელმწიფო სექტორში, ძირითადად, ინფრასტრუქტურული პროექტები ფინანსდება: გზების, ენერგეტიკული და წყალგაყვანილობის სისტემების რემონტი და მშენებლობა, ასევე მრავალი მუნიციპალური პროექტი.

 

ყველა ახალი ამბავი
0