დიდი ბრიტანეთის სურეის საგრაფოში უჩვეულო ამბავი მოხდა. 6-დან 12 წლამდე ასაკის რამდენიმე ბავშვმა პოლიციას წარმოუდგენელი დახმარება გაუწია.
როგორც ირკვევა, ისინი სააღდგომოდ ტრადიციულ „კვერცხებზე ნადირობაში“ მონაწილეობდნენ, როდესაც მოულოდნელად მათ თავზე მოძრავი საპოლიციო ვერტმფრენი შენიშნეს. ორიოდე წუთში კი იქვე ახლოს ორმა მამაკაცმა გაირბინა, რომლებიც აშკარად ცდილობდნენ, დამალვოდნენ ვერტმფრენს.
ბავშვები მიხვდნენ, რომ გაქცეულებმა პოლიციელებისთვის თავგზის აბნევა შეძლეს, ვინაიდან ვერტმფრენმა მიმართულება შეცვალა და უკან გაფრენა დააპირა. ცოტაც და დამნაშავეები მიმალვას მოახერხებდნენ, რომ არა ბავშვური გონებამახვილობა და არასტანდარტული აზროვნება.
როგორც ერთ-ერთი მათგანი ჰყვება, ბავშვებს ხელების ქნევა დაუწყიათ ვერტმფრენისთვის, რათა მიენიშნებინათ, საით გაიქცნენ დამნაშავეები, მაგრამ სამართალდამცველები ყურადღებას არ აქცევდნენ. მაშინ ერთ-ერთ მათგანს უთქვამს, მოდით, მინდორზე დავწვეთ და ისარი გავაკეთოთო...
და მიწაზე გაწოლილმა ბავშვებმა მათ თავზე მოძრავ ვერტმფრენს უნიკალური მინიშნება მისცეს, საით წავიდნენ დამნაშავეები.
ბავშვების ისარმა, როგორც იქნა, ვერტმფრენში მყოფების ყურადღება მიიქცია. პოლიციელებს თავიდან ეგონათ, რომ ბავშვები უბრალოდ თამაშობდნენ, მაგრამ მერე მიხვდნენ, რომ პატარები მათ მნიშვნელოვან ინფორმაციას აწვდიდნენ და ისრის მიმართულებით განაგრძეს ძებნა. და შედეგიანადაც: სამართალდამცველებმა ორივე დამნაშავე დააკავეს.