თბილისი, 26 სექტემბერი – Sputnik. ზაზა სარალიძემ, რომელიც საქართველოს ხელისუფლებას თავისი 16 წლის შვილის დავით სარალიძის მკვლელობის არაობიექტურ გამოძიებაში ადანაშაულებს, თბილისის მერიას მიმართა და თბილისში, პარლამენტის შენობის წინ კარვების გაშლის ნებართვა ითხოვა.
სარალიძემ საპროტესტო აქცია პარლამენტის წინ 10 სექტემბერს განაახლა. ის შვილის მკვლელობაში დამნაშავეების დასჯასა და ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების დანიშნვნას მოითხოვს.
როგორც სარალიძემ ტელეკომპანია Maestro-ს ეთერში განაცხადა, მან წერილი შეიტანა და მზადაა, აქციები 5 ნოემბრამდე გააგრძელოს, შემდეგ კი ვითარების შესაბამისად მოიქცევა. მისი თქმით, კანონმდებლობით უფლება აქვს, კარავი გაშალოს, მაგრამ რატომღაც ამის ნებართვას არ აძლევენ. „მივმართე მერიას, რომ მომცენ კარვის გაშლის უფლება“, – აღნიშნა მან.
16 წლის მოსწავლეების დავით სარალიძისა და ლევან დადუნაშვილის მკვლელობა საქართველოს უახლეს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე რეზონანსული გახდა. ორივე მოზარდი 2017 წლის 1 დეკემბერს თბილისის №51 და 1-ლი ექსპერიმენტული სკოლების უფროსკლასელთა შორის ხორავას ქუჩაზე მასობრივი ჩხუბის შედეგად დაიღუპა.
სასამართლომ ჩხუბის ორ მონაწილეს განაჩენი 6 თვის შემდეგ გამოუტანა. ერთ-ერთი — გ.ბ. დამნაშავედ ცნეს ლევან დადუნაშვილის მკვლელობაში, მეორე ბრალდებული გ.ჯ. დამნაშავედ მხოლოდ განზრახ მკვლელობის მცდელობაში ცნეს. სასამართლომ დღემდე ვერ დაასახელა დავით სარალიძის მკვლელი.
სასამართლო გადაწყვეტილების შემდეგ ქვეყანაში მასობრივი საპროტესტო აქციები დაიწყო. სარალიძის მამამ საგამოძიებო ორგანოები მკვლელების დაფარვაში დაადანაშაულა.
პროტესტის ფონზე გადადგა მთავარი პროკურორი ირაკლი შოთაძე, შსს-მ დაიწყო გამოძიება საქმის დეტალების დაფარვის შესახებ და დააკავა სამი ადამიანი, მათ შორის ერთი – მოზარდი.