სამსულიან ოჯახს ორი შშმ პირით ღია ცის ქვეშ დარჩენა ემუქრება

© FB / Levan Natelashviliლევან ნათელაშვილი
ლევან ნათელაშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ძნელია აღწერო ის საცხოვრებელი სახლი და გარემო, სადაც ქეთინო თოდაძე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე შვილთან და მეუღლესთან ერთად ცხოვრობს. ყველაფერი 14 წლის წინ დუშეთის რაიონში, სოფელ ბაზალეთში დაიწყო, როცა ოჯახს ერთადერთი შვილის სამკურნალოდ ყველაფრის გაყიდვა მოუხდა.

სამწუხაროდ, მკურნალობას სახლის გაყიდვით მიღებული თანხა არ ეყო და ლევანი ბოლომდე ვერ გამოჯანმრთელდა. მას გონებრივი ჩამორჩენილობა და ქცევის დარღვევა აქვს. დღეს ოჯახი უკიდურეს გაჭირვებაში ცხოვრობს და კეთილი ადმიანების იმედადაა დარჩენილი. ქალბატონი ქეთინო თავისი ოჯახის ისტორიას მოგითხრობთ.

– დუშეთის რაიონში ვცხოვრობდით. ერთადერთი შვილი მყავს, ლევანი. წლის და რვა თვის იყო, როცა დაემართა ვირუსული მენინგოენცეფალიტი, მარჯვენა მხარის დამბლა კლინიკური სიკვდილით. სამჯერ აქვს ხერხემლიდან სითხე აღებული. მაშინ დახმარებები არ იყო და ყველაფრის გაყიდვა მომიხდა. ამის შემდეგ ჩემს მეუღლეს შეექმნა ფსიქიკური პრობლემები. ხშირად ვიძახებდი სასწრაფოს და გადაგვყავდა ფსიქიატრიულში. ოთხჯერ იწვა ფსიქიატრიულ საავადმყოფოში. ამ დროს სრულიად მარტო ვიყავი. ბავშვი ცალკე იყო მისახედი, მეუღლე ცალკე. საკმაოდ რთული პერიოდი გამოვიარე.

© FB / Levan Natelashviliლევან ნათელაშვილი
სამსულიან ოჯახს ორი შშმ პირით ღია ცის ქვეშ დარჩენა ემუქრება - Sputnik საქართველო
ლევან ნათელაშვილი

დუშეთის რაიონიდან საცხოვრებლად საგარეჯოს რაიონში გადმოვედით. მეზობელმა შემოგვთავაზა აქ გადმოსვლა, რომ ჩემს ქმარს მწყემსად ემუშავა. ორი წელი მინდორში ვცხოვრობდით, საიდანაც სოციალურმა სამსახურმა ლევანი წყნეთის ბავშვთა სახლში გადაიყვანა. ორი წელი იქ ცხოვრობდა. შემდეგ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდა, უზიანდებოდა ნერვული სისტემა და წამოვიყვანე. დავიწყე სოფელში თავშესაფრის ძებნა, რომ ჩემ შვილს ჭერი ჰქონოდა. შემხვდა ერთი კეთილშობილი პიროვნება, რომელთანაც რვა წელი ვცხოვრობდით. როცა ეს კაცი დაიღუპა, დავრჩით ისევ უსახლკაროდ. შემდეგ მოვძებნე  სახლი, სადაც ამჟამად ვცხოვრობ. თუმცა სულ მალე მიწევს ამ სახლის დატოვებაც და ვეძებ ახალ თავშესაფარს, ვინაიდან ეს სახლი უნდა დაანგრიონ და ახალი ააშენონ. რაიონულმა გამგეობამ გამომიყო სამი ოთახი, მაგრამ არის ცარიელი კედლები, კარ-ფანჯარაც კი არ არის ჩასმული, არც საკანალიზაციო მილებია გაყვანილი, არც გაზი, არის სრული ანტისანიტარია. მე არ მაქვს იმის საშუალება, რომ ეს ყველაფერი გავაკეთო. თვიდან თვემდე როგორ გაგვაქვს თავი, ისიც კი მიკვირს. ამ სახლს რომ დავცლი, სად უნდა წავიდე არ ვიცი. ქირით ვეძებ სახლს, მაგრამ როგორ შევძლებ ქირის გადახდას, ამაზე ფიქრიც არ მინდა.

© FB / Levan Natelashviliლევან ნათელაშვილი
სამსულიან ოჯახს ორი შშმ პირით ღია ცის ქვეშ დარჩენა ემუქრება - Sputnik საქართველო
ლევან ნათელაშვილი

– რა არის დღესდღეობით თქვენი შემოსავლის წყარო?

– პენსია და სოციალური დახმარება. პენსია წინასწარ მაქვს გამოტანილი. სოციალურზე გადასამოწმებლად მოვიდნენ და დროებით შეჩერებული მაქვს. დღეს რთველში ვიყავი, სადაც გარკვეული თანხა გადამიხადეს. პირველი შემთხვევა იყო, რომ დამიძახეს. 

© FB / Levan Natelashviliლევან ნათელაშვილი
სამსულიან ოჯახს ორი შშმ პირით ღია ცის ქვეშ დარჩენა ემუქრება - Sputnik საქართველო
ლევან ნათელაშვილი

– ამ ეტაპზე როგორია ლევანის ჯანმრთელობის მდგომარეობა?

– ამ ეტაპზე ნორმალურადაა. მეათე კლასში გადავიდა. სასკოლოდ ბევრი რამ სჭირდებოდა, ვერაფრის ყიდვა ვერ შევძელი და გული საშინლად მტკიოდა. თუმცა კეთილი ადამინების დახმარებით ისიც სხვებთან ერთად წავიდა სკოლაში. ჩემი მეუღლის მდგომარეობა მძიმეა, საერთოდ აღარ აქვს შრომის უნარი. აქვს ფსიქიკური აშლილობა, ფსიქოტროპულ წამლებზეა. შეუძლია მთელი დღე აიკვიატოს, რომ რაღაც სტკივა და გაუთავებლად კვნესის. საბედნიეროდ, მისი წამლები უფასოდ მაქვს.

© FB / Levan Natelashviliლევან ნათელაშვილი
სამსულიან ოჯახს ორი შშმ პირით ღია ცის ქვეშ დარჩენა ემუქრება - Sputnik საქართველო
ლევან ნათელაშვილი

– ამ ეტაპზე რა სახის დახმარება გჭირდებათ?

– ჩვენ ყველაფერს მოკლებული ვართ, მაგრამ ახლა ყველაზე მეტად სურსათი, საკვები პროდუქტი მჭირდება, ასევე ტანსაცმელი. ლევანი ახლა იმ ასაკშია, ძალიან ბევრი რამ უნდა, რასაც მე ვერ ვაძლევ. „ფეისბუქზე“ ჯგუფებში ვწერ ხოლმე ჩემ გასაჭირზე და სრულიად უცხო ადამიანები  მეხმარებიან, ხან 10 ლარს ჩამირიცხავენ, ხან 15 ლარს. ეს ჩემთვის ძალიან ბევრია და აქედან დიდ მადლობას ვუთვლი მათ.

ჩემ შვილს ძალიან უნდა ხელობის სწავლა, რომ თავისი შემოსავალიც ჰქონდეს. თუმცა ესეც თანხებთან არის დაკავშირებული. ჯერ სწავლისთვის სჭირდება თანხა, შემდეგ იარაღების შესაძენად, რისი საშუალებაც მე არ მაქვს.

უზომოდ მადლიერი ვარ გიორგიწმინდის საჯარო სკოლის და მისი დირექტორის. ჩემი შვილისთვის ძალიან ბევრი გააკეთეს და დღემდე ასე გრძელდება. არაჩვეულებრივი ურთიერთობა აქვს კლასელებთან. ძალიან თბილად ექცევიან და მეგობრობს მათთან. მე ეს ბედნიერებას მანიჭებს. მთავარია ჩემი შვილი იყოს გაღიმებული და ბედნიერი. იმედს ვიტოვებ, რომ გაჭირვება წარმავალია და ჩვენთანაც ამოვა მზე...

 

ყველა ახალი ამბავი
0