თბილისი, 25 სექტემბერი — Sputnik. საქართველომ მერვე ადგილი დაიკავა ათ ქვეყანას შორის, სადაც ყველაზე მაღალია 30-დან 70 წლამდე მამაკაცების სიკვდილიანობის ალბათობა არაინფექციური დაავადებებით. ამაზე მეტყველებს მოხსენება ჟურნალ The Lancet-ის ვებ-გვერდზე.
რეიტინგში პირველ ადგილზეა მონღოლეთი. შემდეგ მოდიან ფიჯი, ყაზახეთი, თურქმენეთი, რუსეთი, ბელარუსი, უკრაინა, საქართველო, კირიბატი და ჩრდილოეთ კორეა.
ასეთ დასკვნამდე მეცნიერები მას შემდეგ მივიდნენ, რაც გააანალიზეს სიკვდილის რაოდენობა კიბოს, გულის, ფილტვების დაავადებებისა და დიაბეტისგან 180 ქვეყანაში. მოხსენების ავტორები აცხადებენ, რომ ეს მსოფლიოში არაინფექციური დაავადებების ერთ-ერთი ყველაზე დეტალური გამოკვლევაა.
ჟურნალმა ასევე წარმოადგინა იმ ქვეყნების სია, სადაც მაღალია 30-დან 70 წლამდე ქალთა სიკვდილის ალბათობა. ათეულში მოხვდნენ სიერა-ლეონე, კოტ-დ'ივუარი, გაიანა, იემენი, ავღანეთი, პაპუა-ახალი გვინეა, მალი, ლესოტო, ჰაიტი და ლაოსი.
საქართველო ამ ათეულში არ მოხვდა, ამ ასაკობრივი კატეგორიის ქალებში სიკვდილიანობის ალბათობა 15,9%-ს შეადგენს. ამ მხრივ მამაკაცების სიკვდილიანობის ალბათობაა 34,9%.
The Lancet ყოველკვირეული რეცენზირებული ზოგადი სამედიცინო, ყველაზე ცნობილი, ძველი და ავტორიტეტული ჟურნალია. ის 1823 წელს ინგლისელმა ქირურგმა ტომას უოკლმა დააარსა და ქირურგიული ინსტრუმენტის სახელი უწოდა.