თბილისი, 25 სექტემბერი — Sputnik. საქართველოს პრეზიდენტობის დამოუკიდებელი კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი არჩევნების პირველივე ტურში შეძლებს გამარჯვებას, განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ.
არჩევნებში, რომელიც 28 ოქტომბერს გაიმართება, მონაწილეობის მისაღებად ცესკომ რეგისტრაციაში 25 კანდიდატი გაატარა. სალომე ზურაბიშვილს მხარს მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო" უჭერს.
„ქართული ოცნების" მიერ მხარდაჭერილი კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი საზოგადოების თანადგომით აუცილებლად პირველივე ტურში გაიმარჯვებს ამ არჩევნებში. რაც შეეხება „ნაციონალურ მოძრაობას", ის მიიღებს საკადრის პასუხს ამომრჩევლისგან ყველა იმ დანაშაულისთვის, რაც ამ მარგინალურმა პარტიამ ჩაიდინა 9 წლის განმავლობაში", – განაცხადა კობახიძემ ბრიფინგზე.
მან ასევე "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" პროვოკაციების ორგანიზების გზით ზურაბიშვილის წინასაარჩევნო კამპანიის ჩაგდების მცდელობაში დაადანაშაულა.
„ჩვენ მივაწოდეთ ინფორმაცია დიპლომატიურ კორპუსს და დამკვირვებლებს, დეტალური ინფორმაცია აჭარაში სალომე ზურაბიშვილის წინააღმდეგ "ნაციონალური მოძრაობის" მიერ დაგეგმილი პროვოკაციების შესახებ და ჩვენ დეტალურ ინფორმაციაში მითითებული გვქონდა კონკრეტული სახელები და გვარები იმ ადამიანების, რომლებსაც უნდა მოეწყოთ ეს პროვოკაციები. ეს პროვოკაციები რეალურად განხორციელდა მოგვიანებით აღნიშნული პირების მიერ", – განაცხადა კობახიძემ.
მან აღნიშნა, რომ „ქართული ოცნება" დიპლომატიურ კორპუსსა და დამკვირვებლებს ამგვარი ინციდენტების შესახებ ინფორმაციას პერიოდულად მიაწვდის.
კობახიძემ საარჩევნო სუბიექტებს კიდევ ერთხელ მოუწოდა, თავი შეიკავონ პროვოკაციებისგან და ევროპული სტანდარტების კამპანია აწარმოონ.
სალომე ზურაბიშვილთან მოსახლეობის შეხვედრაზე ბათუმში ინციდენტი მოხდა. მას სიტყვით გამოსვლის დროს დარბაზიდან ერთ-ერთმა მოქალაქემ, ასლან ვაშაყმაძემ შეძახილებით მიმართა, რის შემდეგაც ის დარბაზიდან ზურაბიშვილის მხარდამჭერებმა გააძევეს.
ეს ბოლო საპრეზიდენტო არჩევნები იქნება, როდესაც პრეზიდენტს მოსახლეობა პირდაპირი არჩევნების გზით აირჩევს. მომავალში ქვეყნის პრეზიდენტს საარჩევნო კოლეგია აირჩევს.