თბილისი, 25 სექტემბერი — Sputnik. საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი სამუშაო ვიზიტით 25 სექტემბერს ნიუ იორკს ეწვევა, სადაც მე-14 საერთაშორისო ფორუმის „მშვიდობისა და განვითარების შენარჩუნება ცვალებად სამყაროში“ მუშაობაში მიიღებს მონაწილეობას, ნათქვამია სახელმწიფოს მეთაურის ვებგვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.
ბახტაძემ გაეროს წევრებს საქართველოს მშვიდობიანი ინიციატივა გააცნო >>
ფორუმი გაეროს ღონისძიებების ფარგლებში იმართება და მას მსოფლიოს 50-მდე მოქმედი თუ ყოფილი ლიდერი დაესწრება.
საქართველოს პრეზიდენტი ფორუმის საზეიმო გახსნის ცერემონიაზე სიტყვით გამოვა და სხვადასხვა ქვეყნის ლიდერებთან ერთად დისკუსიაში მიიღებს მონაწილეობას. ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია ორმხრივი შეხვედრები და სამუშაო სადილი კონფერენციაში მონაწილე ლიდერებსა და სხვადასხვა ქვეყნის პრეზიდენტებთან.
მარგველაშვილი ამერიკული ფონდის Appeal of Conscience Foundation მიერ ორგანიზებულ ყოველწლიურ საზეიმო გალა-სადილს დაესწრება. ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ მადლენ ოლბრაიტი, ჰენრი კისინჯერი, ჯეიმს ბეიკერი, კოლინ პაუელი და სხვა ცნობილი პოლიტიკური მოღვაწეები.
მარგველაშვილის ვიზიტი აშშ-ში 29 სექტემბერს დასრულდება.
მარგველაშვილის საპრეზიდენტო უფლებამოსილება ნოემბერში იწურება. საქართველო ახალ პრეზიდენტს 28 ოქტომბერს აირჩევს.
საქართველომ და შეერთებულმა შტატებმა დიპლომატიური ურთიერთობები 1992 წლის 23 აპრილს დაამყარეს. 2009 წელს ქვეყნებმა ხელი მოაწერეს სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიას, რომელიც ითვალისწინებს პარტნიორული კავშირებისა და თანამშრომლობის გაფართოებას თავდაცვისა და უსაფრთხოების, ეკონომიკისა და ენერგეტიკის, დემოკრატიული რეფორმების, დიპლომატიისა და კულტურის სფეროებში.