თბილისი, 24 სექტემბერი — Sputnik. ზუგდიდში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად სასწრაფო დახმარების ეკიპაჟი დაშავდა, იუწყება ტელეკომპანია Imedi.
შემთხვევა დღეს მოხდა ხუბულავას ქუჩაზე. „ოპელის" მარკის მსუბუქი ავტომობილი შუქნიშანთან სასწრაფო დახმარების მანქანას შეეჯახა, სასწრაფო დახმარების მანქანა კი შემდეგ „მერსედესის" მარკის ავტომობილს დაეჯახა.
დაშავებული არიან სასწრაფოს ექიმი და ექთანი. ისინი ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში არიან გადაყვანილი.
მომხდარ ფაქტზე გამოძიება დაწყებულია სსკ-ის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით („ტრანსპორტის მოძრაობის, უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევა, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია"), რაც ითვალისწინებს სამ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას.