თბილისი, 22 სექტემბერი — Sputnik. ევროპის სპორტის კვირეული 23 სექტემბერს, 11:00 საათზე რიყის პარკში საზეიმოდ გაიხსნება, ნათქვამია ღონისძიების სოციალურ გვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.
კვირეული საქართველოში წელს პირველად გაიმართება. სპორტის კვირეულის ოფიციალური კოორდინატორია საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო, ორგანიზატორები – ეროვნული ფედერაცია „სპორტი ყველასათვის“ და სამინისტროს მიერ აღიარებული სხვა ეროვნული ფედერაციები, თანაორგანიზატორი – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერია და საქართველოს 60-მდე მუნიციპალიტეტი.
ევროპის სპორტის კვირეულის ფარგლებში ქვეყნის 50-მდე მუნიციპალიტეტში სპორტის 30-მდე სახეობა და 100-მდე სპორტული აქტივობა იქნება წარმოდგენილი.
აქტივობები მოიცავს:
• ფარიკაობა
• ქართული ჭიდაობა
• საბავშვო ძიუდო
• მკლავჭიდი
• მაგიდის ჩოგბურთი
• პეტანკა
• საბრძოლო ხელოვნება
• სამაგიდო თამაშები
• ჩირლიდინგი
• ბატუტი
• სტრიტ-არტი
• კლდეზე ცოცვა
• ხელბურთი
• სკეიტბორდი, როლიკები
• ფან ბუსი (სახალისო ფეხბურთი)
2018 წელს საქართველო ევროკომისიის ინიციატივას – ევროპის სპორტის კვირეულს პირველად უერთდება, რომელიც მიზნად ისახავს ევროპის მასშტაბით სპორტისა და ფიზიკური აქტივობის პოპულარიზაციას და სპორტის მასობრიობისა და ხელმისაწვდომობის გაზრდას.