თბილისი, 21 სექტემბერი — Sputnik. გურჯაანში შუახნის მამაკაცი ჭაჭით სავსე ავზში ჩავარდა, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.
შემთხვევა გურჯაანში მდებარე ღვინის კომპანია „მეღვინეობა ხარებაში" გუშინ მოხდა. მამაკაცი კომპანიის თანამშრომელია. მან მომხდარი ფაქტის შედეგად გონება დაკარგა.
ადგილზე მობილიზებული იყო სასწრაფო დახმარების ბრიგადა. უგონო მდგომარეობაში მყოფი მამაკაცი გურჯაანის „ჯეოჰოსპიტალში" გადაიყვანეს. ამ დროისთვის მისი მდგომარეობა სტაბილურია და შესაბამისი გამოკვლევები უტარდება.
მომხდარ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 124-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გაუფრთხილებლობით ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანებას გულისხმობს და ისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ორ წლამდე.