თბილისი, 21 სექტემბერი — Sputnik. თბილისში, ფალიაშვილის ქუჩაზე ორი ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრეს, იუწყება ტელეკომპანია Rustavi2.
შემთხვევა გუშინ, გვიან ღამით ფალიაშვილის ქუჩის N7 სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა. დაჭრილები 20-25 წლის ახალგაზრდები არიან.
არსებული ინფორმაციით, შემთხვევას წინ სიტყვიერი დაპირისპირება უძღოდა. ადგილობრივებმა რამდენიმე გასროლის ხმა გაიგეს, მოგვიანებით კი დაშავებული ახალგაზრდები ალადაშვილის კლინიკაში გადაიყვანეს.
ექიმების თქმით, დაჭრილების მდგომარეობა სტაბილურია. ერთ-ერთ მათგანს რამდენიმე ჭრილობა მიყენებული ჰქონდა როგორც ცივი, ასევე ცეცხლსასროლი იარაღით.
ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიციის რამდენიმე ეკიპაჟი. არსებული ინფორმაციით, დამნაშავე ადგილიდან მიიმალა. მიმდინარეობს სამძებრო სამუშაოები.
გამოძიება საქართველოს სსკ-ის ორი მუხლით დაიწყო – 117-ე (ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება) და 236-ე ( ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარება).