თბილისი, 19 სექტემბერი — Sputnik. ქართული ღვინის ფესტივალი თბილისში 13 ოქტომბერს გაიმართება, ნათქვამია ღონისძიების Facebook-გვერდზე.
საქართველოს ღვინის იმპორტიორები ჩინეთიდან სტუმრობენ >>
ღვინის მწარმოებლები და უბრალოდ, ღვინის მოყვარულები შეიკრიბებიან შარდენისა და სიონის ქუჩებზე. ფესტივალში მონაწილეობას მცირე, საშუალო და მხვილი მეღვინეები მიიღებენ.
ღონისძიება დატვირთული იქნება სხვადასხვა სახის აქტივობებით: ღვინის დეგუსტაცია და გამოფენა-გაყიდვა, უნიკალური ჯიშის ყველის და ჩირის ბაზრობა და სხვ.
იგეგმება კახა ბაკურაძის მოძრაობის თეატრის სამსახიობო დასის გამოსვლა, ფოლკლორი, პანტომიმის არტისტების შოუ და საზეიმო ფოიერვერკი.
ქართული ღვინის ფესტივალი სტუმრებს 12:00 საათიდან 19:00 საათამდე უმასპინძლებს. ღონისძიებაზე დასწრება თავისუფალია. ფესტივალის ორგანიზატორებია ღვინის ონლაინ-მაღაზია allwine.ge და კომპანია „მეიდან ჯგუპი“.