შსს-ში სამსახურში მიღების წესი იცვლება

© photo: Ministry of Internal Affairs of Georgiaგიორგი გახარია
გიორგი გახარია - Sputnik საქართველო
გამოწერა
შინაგან საქმეთა მინისტრის სურვილია  უწყება მიმზიდველი გახდეს ახალგაზრდებისთვის, როგორც სოციალური კუთხით, ისე კარიერული ზრდის შესაძლებლობის გათვალისწინებით

თბილისი, 18 სექტემბერი — Sputnik. შინაგან საქმეთა სამინისტრო სამსახურში მიღების წესების შეცვლაზე მუშაობს, განაცხადა უწყების ხელმძღვანელმა გიორგი გახარიამ კონფერენციაზე „საგამოძიებო სისტემის რეფორმა“.

გახარია საქართველოს შსს-ს გამომძიებლების მუშაობით უკმაყოფილოა>>>

სამშაბათს თბილისში გამართულ კონფერენციაში გახარიასთან ერთად მონაწილეობდნენ საქართველოს მთავარი პროკურორი შალვა თადუმაძე, პარლამენტის დეპუტატები და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები. შსს-ში კომპლექსური რეფორმების გატარების აუცილებლობაზე გახარიამ პირველად მას შემდეგ განაცხადა, რაც 2017 წელს მინისტრის პოსტი დაიკავა.

„კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ცვლილება  გახლავთ შსს-ში სამსახურში მიღების წესი, რომელიც ასევე პრინციპულად იქნება შეცვლილი. ეს პროცესი უკვე დაწყებულია“, - განაცხადა გახარიამ.

მისი თქმით, რეფორმის სტრუქტურული ნაწილი ამ დროისათვის დასრულებულია.

შსს-მ უკვე შეაფასა გამომძიებლების კვალიფიკაცია და მიღებული შედეგების საფუძველზე მათი პროფესიული გადამზადების პროგრამა შეიმუშავა. შემუშავდა ასევე მომავალი გამომძიებლების მომზადების საბაზისო პროგრამა. 

მეიდანი - Sputnik საქართველო
ცესკომ და შსს-მ თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს

„ყველას ექნება გადამზადების შესაძლებლობა. შინაგან საქმეთა სამინისტრო დიდი სტრუქტურაა. გვაქვს იმის საშუალება, რომ სისტემაში ხალხი შევინარჩუნოთ, თუმცა, ვაცნობიერებთ რომ კომპეტენცია უნდა ფასდებოდეს. შეუძლებელია ეფექტური სისტემის აწყობა თუ კვალიფიკაციის მაღალ დონეს არ მოჰყვა მეტი უფლებამოსილებები და მეტი პასუხისმგებლობები“, - აღნიშნა გახარიამ.

მან ასევე ხაზი გაუსვა, რომ შსს-ს თითოეულ თანამშრომელს კარიერული ზრდის შესაძლებლობა ექნება.

„ვერ გადავა ადამიანი ერთი საფეხურიდან უფრო მაღალ კარიერულ საფეხურზე, თუ შესაბამისი კვალიფიკაციის გადამზადების ან საბაზისო კურსები არ ექნება გავლილი“, - განმარტა გახარიამ.

მინისტრი მიიჩნევს, რომ რეფორმების შედეგად შსს გახდება მიმზიდველი ახალგაზრდა და კვალიფიციური კადრებისთვის.

„ჩვენი მიზანი არის ის, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო, როგორც, პირველ რიგში, მართლწესრიგის, კრიმინალთან ბრძოლის, საგამოძიებო კომპონენტის განმახორციელებელი ორგანო, იყოს მიმზიდველი კვალიფიციური ახალგაზრდა კადრებისთვის. ეს არის ძირითადი ამოცანა, არ უნდა იყოს იგი მხოლოდ რუტინული სამსახური. აქედან გამომდინარე, რა თქმა უნდა, როგორც სოციალურ კომპონენტს, ასევე კარიერული ზრდის კომპონენტს აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა“, - ხაზგასმით აღნიშნა გახარიამ.

მინისტრის თქმით, რეფორმა არ გულისხმობს კვალიფიციური კადრების დათხოვნას. უწყების ყველა პროფესიონალი თანამშრომელი შეინარჩუნებს სამსახურს.

ყველა ახალი ამბავი
0