ავტომობილის მართვისას ნარკოტიკული თრობის ფაქტს ადგილზევე დაადგენენ

გამოწერა
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში შესატანი ცვლილებებით, მარიხუანის ზემოქმედების ქვეშ სატრანსპორტო საშუალებების მართვა სისხლის სამართლის პასუხისმგებლობით დასჯადი გახდება

თბილისი, 17 სექტემბერი — Sputnik. სატრანსპორტო საშუალების მართვისას მძღოლის მიერ ნარკოტიკული საშუალებების მოხმარების ფაქტებს ნარკოტესტებით შეამოწმებენ, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის ნათია მეზვრიშვილის განცხადებაზე დაყრდნობით.

ეკლესიამ საქართველოში კანაფის წარმოების საკითხი დაბლოკა>>>

მიმდინარე წლის 30 ივლისს საკონსტიტუციო სასამართლომ პარტია „გირჩის" წევრების სარჩელი დააკმაყოფილა, რითიც მარიხუანის მოხმარებისთვის ადმინისტრაციული სასჯელი გააუქმა. საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების ფონზე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ მარიხუანის მოხმარების შეზღუდვას აპირებს. უწყებამ შეიმუშავა კანონპროექტი, რომლის მიხედვით, ქვეყანაში მარიხუანის მოხმარებისთვის მკაცრი სამართლებრივი ჩარჩოები შეიქმნება.

მეზვრიშვილის განცხადებით, ავტომანქანის მართვისას მძღოლის მარიხუანას ზემოქმედების ქვეშ ყოფნის დადგენა ნარკოტესტებით ადგილზევე იქნება შესაძლებელი და შესაბამისი შემოწმების გასავლელად მისი ნარკოლოგიურ ცენტრში გადაყვანა საჭირო აღარ იქნება.

მარიხუანა - Sputnik საქართველო
კანაფი საქართველოში - მოყვანა, გადამუშავება და იმპორტი რეალობა ხდება

არსებული ინფორმაციით, ნარკოტესტები ვიზუალურად, დაახლოებით, ალკოტესტის მსგავსია და საპატრულო პოლიციის თანამშრომლებს დაურიგდებათ.

კერძოდ, ნარკოტესტით შესაძლებელი იქნება იმის დადგენა, მოიხმარა თუ არა მძღოლმა მარიხუანა, მაგალითად, ბოლო 8-10 საათის განმავლობაში. მეზვრიშვილის განმარტებით, სანქციები არ გავრცელდება, თუ პირმა მარიხუანა 30 დღის წინ მოიხმარა და შემდეგ გადაწყვიტა ავტომობილის მართვა.

„რაც შეეხება საკითხს, როგორ ვამოწმებთ, აქ, ბუნებრივია, არ იგულისხმება მძღოლის გაჩერება და გადაყვანა საექსპერტო დაწესებულებაში, არამედ იგულისხმება ისეთი თანამედროვე საშუალებებით შემოწმება, როგორსაც ვიყენებთ, მაგალითად, ალკოჰოლური თრობის შემოწმების მიზნით, საუბარია ნარკოტესტებზე", — აღნიშნა მეზვრიშვილმა.

შს მინისტრის მოადგილის განცხადებით, მნიშვნელოვანია ასევე ნარკოტიკული თრობა ლაბორატორიული დასკვნითაც დადასტურდეს, რათა განისაზღვროს, რომელი ნარკოტიკული საშუალება მოიხმარა ადამიანმა. ახალი კანონმდებლობის პირობებში კი, მარიხუანაზე და სხვა ნარკოტიკულ საშუალებებზე განსახვავებული რეგულაციების შემოღება იგეგმება.

პატრიარქი კანაფის წარმოებაზე: მთავრობამ უნდა აიღოს პასუხისმგებლობა>>>

ამ ეტაპზე, ნარკოტიკული საშუალებების ზემოქმედების ქვეშ ყოფნის დამდგენი ტესტების საქართველოში შემოტანასთან დაკავშირებით მოლაპარაკებებს საქართველოს შსს სხვადასხვა კომპანიებთან აწარმოებს.

მარიხუანა - Sputnik საქართველო
თბილისი ამსტერდამი არ გახდება: მარიხუანას ყველა და ყველგან ვერ მოწევს

რაც შეეხება სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას ნარკოტიკული თრობის მდგომარეობის დადგენას, პირი შემოწმდება როგორც ტესტებით, ასევე შესაძლებელი იქნება მისი საექსპერტო დაწესებულებაში გადაყვანაც.

მოქმედი კანონმდებლობით, ნარკოტიკული საშუალების ზემოქმედების ქვეშ სატრანსპორტო საშუალების მართვაზე სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა გათვალისწინებული არ არის. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში შესატანი ცვლილებებით კი, მარიხუანის ზემოქმედების ქვეშ სატრანსპორტო საშუალებების მართვა სისხლის სამართლის პასუხისმგებლობით დასჯადი გახდება — ჯარიმით, ან ერთ წლამდე თავისუფლების აღკვეთით.

კანონპროექტის მიხედვით, გარკვეული პროფესიის ადამიანებს მარიხუანის მოხმარებისთვის ჩამოერთმევათ პროფესიული საქმიანობის უფლება და შეეზღუდებათ სამოქალაქო უფლებები.

საქართველოში მარიხუანის გასაღება კვლავინდებურად სისხლის სამართლებრივ დანაშაულად რჩება. თუმცა, 11 სექტემბერს ცნობილი გახდა, რომ საქართველოს მმართველი პარტია „ქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველოს" ინიციატივით, სამედიცინო და კოსმეტიკური მიზნით ექსპორტზე გასატანად მარიხუანის მოყვანა-წარმოება იგეგმება.

ამ ინფორმაციამ საზოგადოებაში აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია. მოგვიანებით ამასთან დაკავშირებით შსს-მ განმარტება გააკეთა, რომლის მიხედვით, იმ შემთხვევაშიც კი, თუ საქართველო კანაფის ექსპორტიორი გახდება, მისი გასაღება ქვეყანაში ისევ სისხლის სამართლის დანაშაული იქნება და ამ მიმართულებით უწყება მკაცრ შეზღუდვებს დააწესებს.

 

ყველა ახალი ამბავი
0