თბილისი, 16 სექტემბერი — Sputnik. მთავრობამ უნდა აიღოს პასუხისმგებლობა და გააკონტროლოს მდგომარეობა, კერძო სექტორში არ უნდა გადავიდეს ეს დარგი, განაცხადა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ იუწყება ტელეკომპანია Imedi.
მიმდინარე წლის 11 სექტემბერს ცნობილი გახდა, რომ საქართველოს მთავრობა სამედიცინო და კოსმეტიკური მიზნით ექსპორტზე გასატანად მარიხუანის მოყვანა-წარმოებას გეგმავს. ამ ინფორმაციამ საზოგადოებაში აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია.
გუშინ ღამით ქართული მართლმადიდებლური ეკლესიის წარმომადგენლებმა თბილისის ცენტრში კანაფის მოყვანის ინიციატივის წინააღმდეგ საპროტესტო აქცია გამართეს. ეკლესიის პოზიციის გამო დეპუტატების ნაწილმა, მათ შორის მმართველი პარტია „ქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველოს“ წევრებმაც მთავრობის ინიციატივის მხარდაჭერაზე უარი განაცხადეს.
პატრიარქმა სამების საკათედრო ტაძარში ქადაგებისას მარიხუანას მოყვანა-წარმოებასთან დაკავშირებული კანონპროექტის შესახებ ისაუბრა.
„ბოლო დროს მღელვარება შემოვიდა ჩვენს ხალხში, რომ ნარკოტიკები იქნება მიღებული. არ უნდა შეგვეშინდეს, არ უნდა ვიფიქროთ იმაზე, რომ ღმერთმა მიგვატოვა. ჩვენ შეგვტკივა გული ჩვენი სამშობლოსათვის და ხალხისთვის. მე მინდა ვთქვა, რომ არანაკლებად შესტკივა გული ჩვენს ხელისუფლებას. ხელისუფლება პასუხისმგებელია ამ ყველაფერზე. ნარკომანია იკურნება, ამიტომ არ დავკარგოთ იმედი“, — განაცხადა ილია მეორემ.
პატრიარქის განმარტებით, კანონში უნდა იყოს ნათქვამი, რომ ამ პროცესებზე მთავრობა იქნება პასუხისმგებელი.
„წინააღმდეგ შემთხვევაში სხვა ქვეყნებიდან ჩამოვლენ ნარკომანები და ისარგებლებენ ამ თავისუფლებით, მით უფრო გავრცელდება ნარკომანია საქართველოში. ამიტომ, მინდა ვთხოვო ჩვენ ხელისუფლებას, რომ დიდი პასუხისმგებლობით შეხედონ ამ საკითხს“, — განაცხადა მან.
ილია მეორის თქმით, არ შეიძლება, რომ მხოლოდ ეკონომიკას ვუყუროთ, თუ მომავალ თაობას დავკარგავთ.
„რად გვინდა ისეთი ეკონომიკა, თუ დავკარგავთ ჩვენს შვილებს. იმედი მაქვს, რომ ჩვენ გავერთიანდებით, ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ეკლესია, ხალხი, ხელისუფლება გაერთიანდეს და ყველაფერი გააკეთოს იმისთვის, რომ რაც შეიძლება ნაკლები იყოს ეს დაავადებული ხალხი“, — განაცხადა პატრიარქმა.
მისი განცხადებით, ხელისუფლებას არანაკლებად უყვარს და არანაკლებად შესტკივა გული სამშობლოსა და ხალხზე და იმედი გამოთქვა, რომ ქვეყანა შეძლებს ამ სენის დაძლევას.
მიმდინარე წლის 30 ივლისს საკონსტიტუციო სასამართლომ პარტია „გირჩის" წევრების სარჩელი დააკმაყოფილა, რითიც მარიხუანის მოხმარებისთვის ადმინისტრაციული სასჯელი გააუქმა. საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების ფონზე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ მარიხუანის მოხმარების შეზღუდვას აპირებს. უწყებამ შეიმუშავა კანონპროექტი, რომლის მიხედვით, ქვეყანაში მარიხუანის მოხმარებისთვის მკაცრი სამართლებრივი ჩარჩოები შეიქმნება.
საქართველოში მარიხუანის გასაღება კვლავინდებურად სისხლის სამართლებრივ დანაშაულად რჩება.