თბილისი, 16 სექტემბერი — Sputnik. ამომრჩეველთა ერთიან სიაში ცვლილებების შეტანის ბოლო ვადა მიმდინარე წლის 10 ოქტომბერია, ნათქვამია საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ცესკოს განცხადებით, ამომრჩეველთა ინფორმირების მიზნით, საარჩევნო ადმინისტრაციის თანამშრომლებმა, 73 საოლქო საარჩევნო კომისიის წევრებმა და ცესკოს „სწავლების ცენტრის” თანამშრომლებმა უკვე დაიწყეს საინფორმაციო კამპანიის „ვესაუბრებით ამომრჩევლებს” მეორე ეტაპის განხორციელება. აღნიშნული ეტაპის მთავარი მიზანია მოქალაქეთა ინფორმირება და აქტიური ჩართვა საზოგადოებრივ აქციაში — „იპოვე შენი თავი — იპოვე შენი უბანი“.
„ცესკოს მიერ შეთავაზებული ინოვაციური სერვისების საშუალებით, ამომრჩევლებს საკუთარი და ოჯახის წევრების მონაცემების გადამოწმება შეუძლიათ ცესკოს ვებგვერდის (voters.cec.gov.ge), მობილური ტელეფონის, პლანშეტისა და მთელი ქვეყნის მასშტაბით განთავსებული 10 ათასზე მეტი სწრაფი გადახდის აპარატის მეშვეობით. ამომრჩეველთა სიაში მონაცემების გადამოწმებისას, მომხმარებელი ასევე მიიღებს ინფორმაციას, თუ რა მისამართზეა განთავსებული მისი საარჩევნო უბანი“, — ნათქვამია განცხადებაში.
ამომრჩეველთა სია ხელმისაწვდომია როგორც ქართულ, ისე აზერბაიჯანულ და სომხურ ენებზე. ასევე, ადაპტირებული ვებ-გვერდის საშუალებით უსინათლო ამომრჩევლებიც შეძლებენ საკუთარი მონაცემების გადამოწმებას.
„რაც შეეხება ყრუ და სმენადაქვეითებულ ამომრჩევლებს — ისინი ინფორმაციას ცესკოს სატელეფონო-საინფორმაციო ცენტრში ვიდეო ზარის საშუალებით ჟესტურ ენაზე იღებენ და შეუძლიათ გადაამოწმონ საკუთარი მონაცემები ამომრჩეველთა ერთიან სიაში“, — აღნიშნულია ცესკო-ს განცხადებაში.
რაც შეეხება რეგისტრაციიდან მოხსნილ, რეგისტრაცია ძალადაკარგულ და მისამართის მითითების გარეშე რეგისტრირებულ ამომრჩევლებს, იმისათვის, რომ მათ შეძლონ 2018 წლის პრეზიდენტის არჩევნებში მონაწილეობის მიღება, უნდა მიმართონ იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიმდინარე წლის 7 ოქტომბრის ჩათვლით, გადაამოწმონ საკუთარი მონაცემები და საჭიროებისას გაიარონ შესაბამისი პროცედურები.
საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნები 2018 წლის 28 ოქტომბერს გაიმართება.