საქართველოში ჰაერსა და წყალში ტყვია აღმოჩნდა

© Sputnik / Alexander Imedashviliთბილისის ხედი
თბილისის ხედი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ტოქსიკოლოგმა ინგა ღვინერიამ ისაუბრა საფრთხეებზე, რომლებსაც ადამიანის ორგანიზმში ტყვიის მოხვედრა იწვევს და ამასთან დაკავშირებით ხელისუფლებას რჩევები მისცა

თბილისი, 15 სექტემბერი — Sputnik. ტოქსიკოლოგი ინგა ღვინერია ამტკიცებს, რომ საქართველოში გარემო დაბინძურებულია ტყვიით — ის არის როგორც ჰაერსა და წყალში, ისე კვების პროდუქტებში.

ტყვიას შეიძლება შეიცავდეს ხორბალი, ბოსტნეული, ხილი, წვენები, ალკოჰოლური სასმელები, სათამაშოები, კოსმეტიკა, საღებავები.

არის თუ არა საქართველოში ბავშვების სისხლში ტყვიის მაღალი შემცველობა >>

სპეციალისტმა განმარტა, რომ დაბინძურებულ ნიადაგზე მოყვანილი მოსავალი ასევე იქნება ტყვიით გაჯერებული.

ტყვია ადამიანის ორგანიზმში შეიძლება მოხვდეს სასუნთქი გზებით, კუჭნაწლავის სისტემიდან და კანის მეშვეობითაც. შემდგომში ის ზემოქმედებს ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე, სისხლზე, ენდოკრინულ სისტემაზე, რეპროდუქტიულ ფუნქციაზე. ტყვია ონკოლოგიურ დაავადებებსაც იწვევს.

„თითქმის არ რჩება ფუნქცია ორგანიზმში, რაზეც შეიძლება ტყვია გარკვეულწილად არ მოქმედებდეს, მაგრამ მისი სამიზნე მაინც არის ცენტრალური ნერვული სისტემა, ასევე სისხლი. თმებში, კბილებში, ძვლებში გროვდება, გამოდევნის კალციუმს და ძვალი ხდება მყიფე, მსხვრევადი. ჰემოგლობინი მცირდება, რკინა-დეფიციტური ანემია არის მაჩვენებელი იმისა, რომ აქ შესაძლებელია იყოს ტყვიით ინტოქსიკაცია“, — განაცხადა ღვინერიამ პრესკონფერენციაზე.

პომადა, არქივის ფოტო - Sputnik საქართველო
თბილისის ბაზრობებზე სახიფათო კოსმეტიკა გამოჩნდა

ღვინერიას თქმით, ბავშვებში ტყვიით ინტოქსიკაციისთვის დამახასიათებელია შემდეგი სიმპტომები: ჰიპერაქტიურობა, სწავლაში ჩამორჩენა, ნერვული სისტემის პრობლემები.

ტოქსიკოლოგის რეკომენდაციით, ყოველ 6 თვეში უნდა გაკეთდეს ანალიზი ტყვიის შემცველობაზე. ბავშვებში სისხლში ტყვიის შემცველობის ნორმა 10 მიკროგრამს დეციგრამზე შეადგენს.

„მაგრამ არსებობს მოსაზრება, რომ საერთოდ არ უნდა იყოს. ბავშვის ორგანიზმი თავისუფალი უნდა იყოს ტყვიისაგან“, — განაცხადა ღვინერიამ.

ორგანიზმიდან ტყვიის გამოდევნა საკმაოდ რთული და ხანგრძლივი პროცესია, რომელიც 10-დან 20 წლამდე შეიძლება გაგრძელდეს.

სპეციალისტმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ საჭიროა, მკაცრი საბაჟო კონტროლი დაწესდეს, რათა ქვეყანაში ტყვიის შემცველი პროდუქტები არ შემოვიდეს.

ბოლო დროს სოციალურ ქსელებში აღნიშნულ პრობლემაზე სულ უფრო ხშირად წერენ. მოსახლეობას მოუწოდებენ გამოკვლევები ჩაიტარონ, ხოლო ხელისუფლებამ ეკოლოგიური მდგომარეობის გადასარჩენად გარკვეული ზომების გატარება დაიწყო.

როგორც ცნობილია, ჰაერის დაბინძურება თბილისში ერთ-ერთ მთავარ გამოწვევას წარმოადგენს არამარტო დედაქალაქის მერიისთვის, არამედ ზოგადად საქართველოს ხელსუფლებისთვის.


ყველა ახალი ამბავი
0