თბილისი, 15 სექტემბერი — Sputnik. შავი ზღვის სანაპიროზე 4-ბალიანი შტორმია, ტალღების სიმაღლე სამ მეტრს აღწევს, ნათქვამია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ზღვაში შესვლა აკრძალულია. აკრძალვა მოქმედებს 16 სექტემბრის 10:00 საათამდე.
„ყველა სამაშველო კოშკურაზე აღმართულია წითელი ალამი. კოშკურებზე თეთრი ალმის აღმართვის შემთხვევაში ზღვაში შესვლა ნებადართული იქნება. ყურადღება მიაქციეთ ამკრძალავ ნიშნებს“, — ნათქვამია განცხადებაში.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური მოუწოდებს დამსვენებლებს დაემორჩილონ მაშველების რეკომენდაციებს.
9 სექტემბერს, 4-ბალიან შტორმში მაშველებმა შავ ზღვაზე დახრჩობას 8 ადამიანი გადაარჩინეს. შტორმის დროს, მაშველების გაფრთხილების მიუხედავად, ადამიანები წყალში მაინც შევიდნენ.