თბილისი, 14 სექტემბერი — Sputnik. ღვინის იმპორტიორები ჩინეთიდან ქართლსა და კახეთს სტუმრობენ, იუწყება ღვინის ეროვნული სააგენტო.
საქართველოში ღვინის ეროვნული სააგენტოს კონტრაქტორი კომპანია Meiburg Wine Media-ის ხელმძღვანელი, ღვინის მაგისტრი დებრა მეიბურგი და ჩინეთიდან ღვინის იმპორტიორთა 8-კაციანი ჯგუფი იმყოფებიან.
დებრა მეიბურგის ინფორმაციით, ჯგუფის შემადგენლობაში არიან იმპორტიორები, რომლებიც უნიკალური სახეობების მიმართულებით მუშაობენ.
„წარსულმა გამოცდილებამ გვიჩვენა, რომ მსგავსი აქტივობების განხორციელება ძალიან წარმატებულია. მაგალითად, ქართულმა ღვინომ 18-ე ადგილიდან 9-ე ადგილზე გადმოინაცვლა ბოლო 4 წლის განმავლობაში ჩინეთის ბაზარზე. ჩვენ ყველა აღფრთოვანებულები ვართ ქართული ღვინის ამ წარმატებით აზიურ ბაზარზე. ამჯერად ჩვენი ამოცანაა უზრუნველვყოთ ქართული ღვინის პოპულარიზაცია არა მარტო ღვინის იმპორტიორებში, არამედ მის მომხმარებლებშიც. ასე, რომ ჩვენ მცდელობას არ დავაკლებთ, რათა მეტი მომხმარებლის ყურადღება შევაჩეროთ ქართულ ღვინოზე“ — აღნიშნა ღვინის მაგისტრმა.
„ჭაჭის ფესტივალი“ – ალკოჰოლი, მუსიკა და XVIII საუკუნის კახეთი >>
ღვინის ტურის ფარგლებში სტუმრებმა ღვინის საწარმოები ქართლსა და კახეთში მოინახულეს: „შატო მუხრანი“, „იაგოს ღვინო“, „თელედა/ორგო“, „მეღვინეობა შუმი“, „მეღვინეობა ვაზიანი“, „კახური ღვინის მარანი“, GWS, „თელიანი ველი“, „მეგობრების მარანი“, „ფაფარი ველი“, „ბადაგონი“, „ხოხბის ცრემლები“, „ვაზისუბნის მამულები“ და “მეღვინეობა ლუკასი“.
სტუმრები მეთუნე ზაზა კბილაშვილთან ქვევრის დამზადების პროცესს გაეცნენ.
თბილისში ასევე გაიმართა სხვადასხვა კომპანიის ღვინის დეგუსტაცია, სადაც 27 ღვინის კომპანიის 100-მდე ღვინო დააგემოვნეს.
ჩინეთი ქართული ღვინის ექსპორტიორი ქვეყნების სიაში მესამე ადგილს იკავებს. მიმდინარე წლის 8 თვის მონაცემებით, საქართველოდან ჩინეთში 4 მლნ-ზე მეტი ბოთლი ღვინოა ექსპორტირებული.