თბილისი, 13 სექტემბერი — Sputnik. ყოფილი პრემიერ-მინისტრისა და შინაგან საქმეთა მინისტრის ვანო მერაბიშვილის სიცოცხლეს და ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება, იუწყება საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახური.
საქართველოს ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრი და ექს-პრემიერი ვანო მერაბიშვილი, რომელიც სასჯელს რამდენიმე სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებით იხდის, ე.წ. მატროსოვის ციხიდან თბილისის ერთ-ერთ კლინიკაში 12 სექტემბერს გადაიყვანეს და ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში მოათავსეს, თუმცა ის კლინიკიდან მალევე უკან, საპყრობილეში დააბრუნეს.
ის, რომ მერაბიშვილს ჯანმრთელობის პრობლემები ჰქონდა, ცნობილი აგვისტოს შუა რიცხვებში გახდა, როდესაც სასჯელაღსრულების დაწესებულების ადმინისტრაციამ იგი გამოკვლევაზე კლინიკაში გაგზავნა. ექს-პრემიერს მაშინ სუნთქვასთან დაკავშირებული პრობლემები ჰქონდა. მერაბიშვილს მკურნალობის კურსი იმ დღესვე დაუნიშნეს და გამოწერეს.
მერაბიშვილის ადვოკატის გიორგი ჩივიაშვილის განცხადებით, მსჯავრდებულის ორთვიანმა მკურნალობამ შედეგი არ გამოიღო და დაცვის მხარემ მისი ხელახლა გამოკვლევა მოითხოვა. ამავდროულად ადვოკატმა წერილობით მიმართა სასჯელაღსრულების დაწესებულებას და მოითხოვა ინფორმაცია მერაბიშვილისთვის ადრე ჩატარებული კვლევებისას დასმული დიაგნოზის თაობაზე, როდესაც მოხდა მისი პენიტენციური დაწესებულებიდან გაყვანა გამოკვლევის მიზნით.
რაც შეეხება ვანო მერაბიშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობას, ადვოკატის განცხადებით, ის თავს კვლავ ცუდად გრძნობს.
ვანო მერაბიშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა დღეს გაავრცელა.
სამსახურის ცნობით, 12 სექტემბერს, პენიტენციური დაწესებულების მედპერსონალის გადაწყვეტილებით, მიმდინარე მკურნალობის შედეგების შეფასების მიზნით მერაბიშვილი N9 პენიტენციური დაწესებულებიდან გადაყვანილ იქნა სამოქალაქო სამედიცინო დაწესებულებაში, რომელიც თავად მსჯავრდებულთან კონსულტაციის შედეგად შეირჩა.
„მსჯავრდებულ ივანე მერაბიშვილს დანიშნული აქვს მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესაბამისი მკურნალობა, რომელსაც პენიტენციური დაწესებულების მედპერსონალი უზრუნველყოფს… მერაბიშვილი კლინიკა „ნიუ ჰოსპიტალსში" 12 სექტემბერს 19:00 საათზე მიიყვანეს, მას დამატებითი გამოკვლევები ჩაუტარდა, რის შემდეგაც 20:55 საათზე მსჯავრდებული კვლავ N9 პენიტენციურ დაწესებულებაში დაბრუნდა", — ნათქვამია სამსახურის ვებ-გვერდზე.
რაც შეეხება დიაგნოზს, სპეციალური პენიტენციური სამსახური არ არის უფლებამოსილი მსჯავრდებულის პირადი ინფორმაცია გაასაჯაროოს, თუმცა აღნიშნავს, რომ მის სიცოცხლეს და ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება, აღნიშნულია განცხადებაში.
გარდა ამისა, მერაბიშვილისთვის კლინიკაში გუშინ ჩატარებული გამოკვლევების შედეგები უკვე გადაეგზავნა მის ადვოკატს.
საქართველოს ყოფილი პრემიერი და შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი ივანე მერაბიშვილი 2013 წლის მაისში დააპატიმრეს.
მერაბიშვილი სასჯელს სისხლის სამართლის ოთხ საქმესთან დაკავშირებით იხდის. საქმეები ეხება ამომრჩევლის მოსყიდვას, სახელმწიფო ქონების მითვისებასა და გაფლანგვას, „საქართველოს გაერთიანებული ბანკის" თანამშრომლის სანდრო გირგვლიანის მკვლელობის საქმეში სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებასა და მტკიცებულებების გაყალბებას და ასევე საქართველოს პარლამენტის დეპუტატის ვალერი გელაშვილის ცემის ფაქტს.
გარდა ამისა, მის წინააღმდეგ კიდევ ორი საქმეა აღძრული. ამჟამად სასამართლოში განიხილება საქმე მერაბიშვილის წინააღმდეგ, რომელიც 2007 წლის 7 ნოემბერს ოპოზიციის აქციისა და ტელეკომპანია „იმედის" დარბევას ეხება.