თბილისი, 11 სექტემბერი — Sputnik. სამი ადამიანი დაშავდა ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ალვანში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.
ერთმანეთს სატვირთო და მსუბუქი ავტომობილები შეეჯახნენ.
დაშავებულები თელავის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც მათ პირველადი გამოკვლევა უტარდებათ.
ავტოსაგზაო შემთხვევის ადგილზე კრიმინალისტები და სასწრაფო დახმარების ჯგუფები მუშაობდნენ.
მომხდარზე გამოძიება 276-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია და ისჯება ჯარიმით ან შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე.