თბილისი, 10 სექტემბერი — Sputnik. სომხეთსა და საქართველოს შორის პრობლემები არ არის და ვერც იქნება, განაცხადა სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა ტიგრან ბალაიანმა თბილისში გამართულ პრესდკონფერენციაზე.
მიზანი – 1 მილიარდი დოლარი: საქართველო და სომხეთი ტვირთბრუნვას გაზრდიან >>
ასე შეაფასა მან საქართველოს პრემიერ-მინისტრის, მამუკა ბახტაძის ოფიციალური ვიზიტი ერევანში:
„დღეს სომხურ-ქართულ ურთიერთობებში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანია დღეა, რადგან ერევანში ოფიციალური ვიზიტით საქართველოს პრემიერ-მინისტრი იმყოფება. საქართველოსა და სომხეთს შორის ურთიერთობები იმდენად მჭიდროა, რომ არსებობს ფორმულა, რომელსაც გამუდმებით ვიმეორებთ: სომხეთსა და საქართველოს შორის პრობლემები არ არის და ვერც იქნება. არსებობს საკითხები, რომლებსაც საერთო ძალისხმევით ვაგვარებთ“, — განაცხადა ბალაიანმა.
საქართველოს დელეგაციაში, რომელსაც პრემიერ-მინისტრი ხელმძღვანელობს, საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი, პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე გიორგი ვოლსკი, დეპუტატები კახაბერ ოქრიაშვილი, სამველ მანუკიანი, ენზელ მკოიანი და რუსლან პოღოსიანი შედიან.
მანამდე საქართველოში ოფიციალური ვიზიტით ნიკოლ ფაშინიანი 30-31 მაისს იმყოფებოდა.
საქართველოსა და სომხეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობები 1992 წლის 17 ივლისს დამყარდა. მხარეები თანამშრომლობენ სხვადასხვა სფეროებში, განსაკუთრებით, ვაჭრობის მიმართულებით. ქვეყნებს შორის თავისუფალი სავაჭრო რეჟიმი მოქმედებს და სომხეთი საქართველოს ძირითადი პარტნიორი ქვეყნების ათეულში შედის.