თბილისი, 10 სექტემბერი — Sputnik. სამგორში სავარაუდოდ ძველი ავტოფარეხის ნანგრევებში მოყოლილი ბავშვები ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ მოინახულა, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, თბილისში, გარდაბნის გზატკეცილზე, 101 კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე, სავარაუდოდ ძველი ავტოფარეხის ჩამონგრევის დროს ნანგრევებში სამი მოზარდი 10 სექტემბერს მოყვა. სამივე არასრულწლოვანი სამედიცინო დაწესებულებაშია გადაყვანილი.
დავით სერგეენკოს თქმით, 8 წლის პაციენტს რეანიმაციულ განყოფილებაში მკურნალობა სჭირდება. ის ხელოვნური სუნთქვის აპარატზეა შეერთებული.
„პროგნოზები რთულია. დასჭირდა გულ-ფილტვის რეანიმაცია. ახლა შეუძლებელია რამე პროგნოზის გაკეთება. მინდა, დავარწმუნო ყველა, ექიმები ყველაფერს აკეთებენ მის გადასარჩენად. დეტალური ინფორმაცია არ მაქვს, მაგრამ ვიცი, რომ ნანგრევებში მოყვნენ“, – განაცხადა დავით სერგეენკომ.
რაც შეეხება კიდევ ორ დაშავებულს, რომლებიც ინგოროყვას კლინიკაში გადაიყვანეს, მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. დავით სერგეენკოს ინფორმაციით, ერთ-ერთ მათგანს შესაძლოა, ქირურგიული ჩარევა დასჭირდეს.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.