თბილისი, 9 სექტემბერი — Sputnik. ლატვიის საფეხბურთო ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა მიქსუ პაატელაინენმა თბილისში გამართულ პრესკონფერენციაზე უეფას ერთა ლიგის ფარგლებში საქართველოს გუნდის წინააღმდეგ თავისი აღსაზრდელების შანსები შეაფასა.
„რა თქმა უნდა, ხვალინდელ მატჩთან დაკავშირებით დიდი მოლოდინი გვაქვს. საქართველო შესანიშნავი გუნდია, რომელსაც მაღალი დონის ფეხბურთელები ჰყავს. დარწმუნებული ვარ, რომ საქართველოს ნაკრები ჩვენს ჯგუფში ყველაზე ძლიერი გუნდია. ხვალ ძალიან გაგვიჭირდება, მაგრამ გეგმა გვაქვს და ვნახოთ, როგორ შევძლებთ მის შესრულებას. დისციპლინა მაღალ დონეზე უნდა დავიცვათ და გუნდურად ვითამაშოთ“, — აღნიშნა ფინელმა სპეციალისტმა.
პაატელაინენმა აღნიშნა, რომ მის ფეხბურთელებს გაუჭირდებათ თამაში ქართველი ქომაგებით სავსე სტადიონზე. მაგრამ, ლატვიის ნაკრებში პროფესიონალი ფეხბურთელები არიან და მათ ამ სიტუაციაშიც თავისი საუკეთესო თვისებები უნდა გამოავლინონ.
ლატვიის მთავარმა მწვრთნელმა საქართველოს ნაკრების მოთამაშეების ინდივიდუალური თვისებებიც გამოყო და აღნიშნა, რომ ეს ძალიან ტექნიკური გუნდია.
„განსაკუთრებით მინდა გამოვყო ვაკო კაზაიშვილი და გიორგი ჩაკვეტაძე. ცენტრში შესანიშნავად თამაშობს ჯაბა კანკავა — ფიზიკურად ძალიან ძლიერი ფეხბურთელია. დაცვის ცენტრში ორი გამოცდილი ფეხბურთელია — გურამ კაშია და საბა კვერკველია, რომლებიც თავის მოვალეობებს შესანიშნავად ასრულებენ. ასეთი ძლიერი ნაკრებს ერთიანი გუნდით უნდა დავუპირისპირდეთ, მაშინ გვექნება შანსები“.
უეფას ერთა ლიგის პირველ მატჩში ლატვიის ნაკრები თავის მოედანზე საკმაოდ მოულოდნელად ანდორასთან 0:0 დამარცხდა. „Sputnik-საქართველოს“ კორესპონდენტის შეკითხვაზე, ხომ არ აისახება ეს უსიამოვნო შედეგი გუნდის მოთამაშეების ემოციურ განწყობაზე, პაატელაინენმა უპასუხა:
„რა თქმა უნდა, ანდორას წინააღმდეგ არც ისე კარგი მატჩი გავატარეთ. უნდა აღვნიშნო, რომ ჩვენმა მეტოქემ ძალიან კარგად და ორგანიზებულად ითამაშა. დარწმუნებული ვარ, ეს გუნდი ჩვენს ჯგუფში სხვა ნაკრებებს ბევრ უსიამოვნებას მოუტანს. მაგრამ საქართველოსთან სულ სხვა თამაში იქნება. საქართველო მხოლოდ დაცვაზე არ იფიქრებს და ეს შეტევების განხორციელების შანსს მოგვცემს. მაგრამ გვესმის, რომ ჩვენ ძალიან სერიოზული და ძლიერი მეტოქე გვყავს“.
საქართველოს და ლატვიის ნაკრებებს შორის მატჩი 9 სექტემბერს „დინამო-არენას“ სტადიონზე 20:00 საათზე დაიწყება.