თბილისი, 8 სექტემბერი — Sputnik. დღეს მსოფლიოში 750 მილიონმა ახალგაზრდა და მოზრდილმა ადამიანმა ისევ არ იცის წერა-კითხვა, აქედან ორ მესამედს ქალები შეადგენენ, ნათქვამია იუნესკოს ვებგვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.
წერა-კითხვისა და წიგნიერების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, რომელიც 8 სექტემბერს აღინიშნება, იუნესკოს გენერალურმა დირექტორმა ოდრი აზულაიმ მიმართვა მოამზადა.
„როგორც კი ისწავლით კითხვას, სამუდამოდ თავისუფლები გახდებით“, XIX საუკუნეში დაწერა ფრიდრიჰ დუგლასმა, ემანსიპირებულმა შავკანიანმა ამერიკელმა მონამ, აბოლიციონისტმა და რამდენიმე წიგნის ავტორმა. კითხვის გზით ემანსიპაციის ამ მოწოდებას და ზოგადად საბაზო უნარ-ჩვევებს — წიგნიერებასა და წერა-კითხვის ცოდნას უნივერსალური დაფარვა გააჩნია“, — ნათქვამია მიმართვაში.
აზულაიმ აღნიშნა, რომ წიგნიერება თავისუფლებისკენ, სოციალური და ეკონომიკური შეზღუდვებისგან გათავისუფლების გზაზე პირველი ნაბიჯია. ეს არის განვითარების წინა პირობა, როგორც ინდივიდუალური, ისე კოლექტიური. ეს ამცირებს სიღარიბესა და უთანასწორობას, ქმნის სიმდიდრეს და კვებისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის პრობლემების აღმოფხვრაში ეხმარება.
დღევანდელ მსოფლიოში XIX საუკუნესთან შედარებით სიტუაცია, რა თქმა უნდა, კარდინალურად შეიცვალა, თუმცა ჯერ კიდევ ბევრი პრობლემა რჩება. მაგალითად, მსოფლიოში 260 მილიონზე მეტი ბავშვი და მოზარდი არ სწავლობს სკოლაში; ათი ბავშვიდან და მოზარდიდან ექვსი — დაახლოებით 617 მილიონი ადამიანი — წიგნიერებისა და ანგარიშის კუთხით მინიმალურ უნარებს ვერ იღებს.