საქართველოს მოქალაქეები კვიპროსში არ შეუშვეს

CC0 / Pixabay / კვიპროსი
კვიპროსი - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს მოქალაქეები უკვე მეოთხე დღეა, სასაზღვრო სამსახურის მოსაცდელ სივრცეში იმყოფებიან.

თბილისი, 7 სექტემბერი — Sputnik. საქართველოს ორი მოქალაქე უკვე მეოთხე დღეა კვიპროსელ მესაზღვრეებს ჰყავთ დაკავებული, იუწყება ტელეკომპანია Imedi.

საქართველოს მოქალაქეები კვიპროსის რესპუბლიკის სასაზღვრო სამსახურის თანამშრომლებმა ქვეყანაში ვიზალიბერალიზაციის პროცედურების დარღვევის გამო არ შეუშვეს.

კოპენჰაგენი - Sputnik საქართველო
დანიაში საქართველოდან თავშესაფრის მაძიებელთა რიცხვი გაიზარდა

კვიპროსის რესპუბლიკაში საკონსულო ფუნქციების შემსრულებლის თინათინ ნონიაშვილის თქმით, საქართველოს ორივე მოქალქე სამშობლოში ხვალ გამოფრინდება.

„მოქალაქეებს მიეწოდათ დეტალური ინფორმაცია მათი უფლებების შესახებ, ემცნოთ საქართველოში უკან დაბრუნების თარიღი — 8 სექტემბერი, როდესაც მათ მგზავრობას უზრუნველყოფს კვიპროსის მხარე", — განაცხადა თინათინ ნონიაშვილმა.

როგორც ნონიაშვილმა აღნიშნა, საქართველოს მოქალაქეებს ასევე განემარტათ, რომ, სურვილის შემთხვევაში, შესაძლებლობა აქვთ თავად აირჩიონ საქართველოში დაბრუნების თარიღი, თუმცა ამ შემთხვევაში მგზავრობის ხარჯები თავად უნდა გასწიონ. საქართველოს მოქალაქეები ასევე ინფორმირებული არიან საქართველოში დაბრუნების შემდეგ კვიპროსში არშეშვებასთან დაკავშირებით შესაძლო ლეგალური რეაგირების გზებზე.

„მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, ერთ-ერთ მათგანს მიეწოდა ქრონიკული მოხმარების მედიკამენტი. არსებული წესების თანახმად, ისინი დღეში ერთჯერადად იკვებებიან, ხოლო საკუთარი ხარჯით შეუძლიათ დამატებით მოითხოვონ კვება", – აღნიშნა თინათინ ნონიაშვილმა.

საქართველოს მოქალაქეები ქუთაისიდან ლარნაკას მიმართულებით 4 სექტემბერს გაფრინდნენ.

ევროკავშირის ქვეყნებთან საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმი 2017 წლის 28 მარტიდან ამოქმედდა. საუბარია შენგენის ზონის ქვეყნებში მოკლევადიან (180 დღის მანძილზე საერთო ჯამში 90 დღით) ტურისტულ, საქმიან და სტუმრის სტატუსით ვიზიტებზე. გრძელვადიანი, სამუშაო ან სასწავლო ვიზიტებისთვის საქართველოს მოქალაქეებს ვიზების მიღება სჭირდებათ.

დიპლომატიური ურთიერთობები საქართველოსა და კვიპროსს შორის 1992 წელს დამყარდა. საქართველოს საელჩო კვიპროსის რესპუბლიკაში 2005 წელს გაიხსნა.

 

ყველა ახალი ამბავი
0