თბილისი, 7 სექტემბერი — Sputnik. საქართველოში საზოგადოებრივ ადგილებში ჩადრით, ნიქაბით და ბურკით სიარული, შესაძლოა, ადმინისტრაციული წესით დასჯადი ქმედება გახდეს, იუწყება ტელეკომპანია Imedi სააგენტო „ინტერპრესნიუსზე“ დაყრდნობით.
„ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ შესაბამისი ცვლილებების ინიციატივით ფრაქცია „პატრიოტთა ალიანსის“ წევრი ემზარ კვიციანი გამოვიდა.
პროექტის განმარტებით ბარათში ნათქვამია, რომ სამოსელი არ იძლევა პიროვნების იდენტიფიცირების საშუალებას, გარდა ამისა, შეიცავს საფრთხეებს ტერორიზმის კუთხით.
„ევროპის ქვეყნებში უკვე მოქმედებს აკრძალვები ამ კუთხით. კერძოდ, ჩადრით, ნიქაბით და ბურკით სიარული აკრძალულია: ჰოლანდიაში, ბელგიაში, საფრანგეთში, ავსტრიაში, ბულგარეთში და ლატვიაში. მიმდინარე წლის 1-ელი ივლისიდან ამ ქვეყნების რიცხვს დანიაც შეუერთდა“, — წერია პროექტის განმარტებით ბარათში.
ცვლილებების პროექტის მიღების შემთხვევაში სკვერში, პარკში, ყველა სახის საზოგადოებრივ ტრანსპორტსა და სხვა საზოგადოებრივ ადგილებში ჩადრით, ნიქაბით და ბურკით სიარული გამოიწვევს დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით. ჩადენილი განმეორებით იგივე ქმედება გამოიწვევს დაჯარიმებას 1500 ლარის ოდენობით.
საგარეო უწყება: თბილისის აეროპორტში ირანელი მგზავრების რელიგიური გრძნობები არ შეულახავთ >>
პროექტის თანახმად, აკრძალვა არ გავრცელდება საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის თანამშრომლებზე.