თბილისი, 5 სექტემბერი — Sputnik. ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერია მოსახლეობას აფრთხილებს ბავშვები აზიური ფაროსანას თერმული ნისლით შეწამვლის პროცესს მოარიდონ, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.
„დღეს, 20:00 საათიდან აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო ღონისძიებების ფარგლებში თერმული ნისლით წამლობა განხორციელდება ქალაქ ოზურგეთში, ასევე სოფლებში: სილაური, ბახვი, ბოხვაური, ლიხაური, ვაკიჯვარი, მაკვანეთი, მელექედური, მთისპირი, შემოქმედი, ცხემლისხიდი და ჯუმათი. დახურეთ ფანჯრები, პროცესს მოარიდეთ ბავშვები, ცხოველები და ფრინველები“, – ნათქვამია ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის განცხადებაში.
მათივე ცნობით, ასევე რეკომენდებულია სასმელი წყლის ჭების დახურვაც.
აზიური ფაროსანას წინააღმდეგ ბრძოლის საქართველოს მთავრობის პროექტი სამ ძირითად მიმართულებას მოიცავს: აქტიური საინფორმაციო კამპანია, სრულმასშტაბიანი მონიტორინგი და ქიმიური შეწამვლა.
მავნებლებთან ბრძოლისთვის საქართველოს ბიუჯეტიდან წელს 49 მლნ ლარია გამოყოფილი. გარდა ამისა, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტომ აზიური ფაროსანას წინააღმდეგ ბრძოლის მიზნით საქართველოს 3,5 მლნ დოლარს გამოუყო.
მავნებელთან საბრძოლველად წელს მობილიზებულია 150 ერთეული სპეციალიზებული ტექნიკა, რაც 2017 წელთან შედარებით 10-ჯერ მეტია. ასევე გამოყოფილია გაზრდილი საბიუჯეტო რესურსი.
აგვისტოს პირველ ნახევარში სახელმწიფოს მიერ დამუშავებული იყო 27 მუნიციპალიტეტის 523 სოფელი. თერმული ნისლის გამოყენებით შეწამლული იყო დაახლოებით 407 ათასი ჰექტარი სოფლების ტერიტორია, ცივი შესხურების ტექნოლოგიით — 37 ათას ჰექტრამდე ფართობი, სატრაქტორე აგრეგატით — 19 ათასამდე ჰექტარი, დიდი წარმადობის აეროზოლური გენერატორით — 4488 ჰექტარი.
მავნებელთან ბრძოლის სტრატეგია უცხოელი და ქართველი სპეციალისტების რეკომენდაციების გათვალისწინების არის შემუშავებული.