კესელოს ციხე-სოფელის კომპლექსის რეაბილიტაცია იგეგმება

გამოწერა
ომალოს ისტორიული უბანი - კესელო ციხე-სოფელს წარმოადგენს, სადაც დღესდღეობით 7 კოშკია შემორჩენილი.

თბილისი, 4 სექტემბერი — Sputnik. კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების 2019 წლის სარეაბილიტაციო-სარესტავრაციო პროგრამულ ნუსხაში კესელოს ციხე-სოფელის კომპლექსიც შევა, იუწყება საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის სააგენტო

თუშეთში ომალოს ისტორიული უბანი — კესელო წარმოადგენს ციხე-სოფელს. დღესდღეობით შემორჩენილია 7 კოშკი. სოფელში ორი სალოცავი ნიშაა და ლუდის სახარში შენობა, კესელოს ერთ-ერთ კოშკში არის ეთნოგრაფიული მუზეუმი, სადაც წარმოდგენილია თუშური საყოფაცხოვრებო ინვენტარი და საბრძოლო იარაღები.

ახმეტის რაიონი - Sputnik საქართველო
არგოხის კოშკს კულტურული მემკვიდრეობის სტატუსი მიენიჭა

2001 წელს არქიტექტორ იოსებ ბანძელაძის მიერ მომზადებული სარესტავრაციო პროექტის საფუძველზე საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო ციხე-სოფლის ტერიტორიაზე დარჩენილი იმ 5 კოშკის რესტავრაციის პროცესს დააფინანსებს, რომელიც ამ დრომდე ჩამოშლილია. 

კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის კომპლექსური რეაბილიტაციის სამომავლო გადაწყვეტილება სააგენტოს გენერალურმა დირექტორმა სოფელ  ზემო ომალოში ვიზიტისას მიიღო, სადაც სააგენტოს ნებართვისა და ფონდი „კესელოს“ დაფინანსების საფუძველზე კესელოს ციხის რიგით მე-7 3 სართულიანი კოშკის აღდგენის პროცესი მიმდინარეობს.

ამ დრომდე კესელოს კომპლექსის 6 ციხე-სახლის რესტავრაციაც ფონდი „კესელოს“ ძალისხმევით განხორციელდა, რომლის დონორები ჰოლანდიელი და ქართველი ქველმოქმედები არიან. პროექტით გათვალისწინებული სარესტავრაციო პროცესი ტრადიციული თუშური არქიტექტურის მქონე კოშკების ფიქალის ქვის მშრალი წყობით აღდგენასა და ინტერიერის სართულშუა ხის გადახურვების მოწყობას მოიცავს. 

ეთნოგრაფ ნუგზარ იდოიძესთან ერთობლივად შემუშავებული კონცეფციის მიხედვით, სრულმასშტაბიანი სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების შემდგომ, კესელოს ციხე-სოფელი თუშეთის კულტუროლოგიური ცენტრის ფუნქციასაც შეიძენს, რაც სამომავლოდ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სამუზეუმო და საგამოფენო სივრცედ ქცევასაც გულისხმობს.


ყველა ახალი ამბავი
0