თბილისი, 3 სექტემბერი — Sputnik. პრესტიჟულ ამერიკულ ჟურნალ The Hollywood Reporter-ში გამოქვეყნდა მასალა ზაზა ხალვაშის ფილმ „ნამეს" შესახებ, რომელიც წარდგენილია „ოსკარზე" „საუკეთესო უცხოენოვანი ფილმის" ნომინაციაში.
The Hollywood Reporter – ამერიკული გამოცემაა, რომელიც კინოინდუსტრიაში მიმდინარე მოვლენებს ადევნებს თვალს.
სტატიის ავტორი ნიკ ჰოლდსვორტი წერს, რომ ფილმის საერთაშორისო პრემიერა ტოკიოს კინოფესტივალზე შედგა.
„ზაზა ხალვაშის პოეტური ისტორია მოგითხრობთ ოჯახზე, რომელსაც უძველესი წყაროს ნებისმიერ ფასად დაცვა აქვს გადაწყვეტილი", — ნათქვამია სტატიაში.
სტატიის ავტორის განცხადებით, უძველეს წყაროს, რომელიც სოფელშია, სადაც გვერდიგვერდ ცხოვრობენ ქრისტიანები და მუსლიმები, ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობის გამო საშიშროება ელოდება.
ნამე არის ზებუნებრივი ძალით დაჯილდოებული ახალგაზრდა გოგონა, რომელიც მაღალმთიან აჭარაში ცხოვრობს და თანასოფლელებს ეხმარება და კურნავს.
ფილმი საქართველო-ლატვია-საფრანგეთის კოპროდუქციაა.
ზაზა ხალვაშის ფილმი ფარული კენჭისყრის გზით ექვს პრეტენდენტ ფილმს შორის შეარჩიეს. მოხვდება თუ არა ქართული ფილმი "საუკეთესო უცხოენოვანი ფილმის" ნომინანტებს შორის, დეკემბერში გახდება ცნობილი.
"ოსკარის"კინოაკადემიის ადმინისტრაციამ დაჯილდოების რიგით 91-ე ცერემონიის გამართვის თარიღი უკვე დაასახელა — 2019 წლის 24 თებერვალი.