თბილისი, 3 სექტემბერი — Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ქართველ ჩოგბურთელ ნიკოლოზ ბასილაშვილს ქვეყნის სიამაყე უწოდა და მსოფლიოს ნომერ პირველ ჩოგბურთელთან რაფაელ ნადალთან წაგების გამო სთხოვა გული არ დაწყდეს.
ნიკოლოზ ბასილაშვილმა „დიდი სლემის“ მერვედფინალი ნადალთან წააგო >>
ბასილაშვილი ლეგენდარულ ესპანელ ჩოგბურთელთან, АТР-ს მსოფლიო რეიტინგის ლიდერსა და US Open-ის მოქმედ გამარჯვებულთან —რაფაელ ნადალთან „დიდი სლემის“ სერიის ტურნირის მერვედფინალში დამარცხდა. ქართველმა ჩოგბურთელმა ოთხი სეტი ითამაშა, საიდანაც სამში ანგარიშით 3:6, 3:6, 4:6 წააგო, ხოლო ერთი სეტი გამარჯვებით დასრულდა — 7:6.
„ნიკა, გულს ნუ დაიწყვეტ! მთელი ქვეყნისთვის საამაყო ხარ! დარწმუნებული ვარ, წინ ბევრი გამარჯვება გველოდება!“, — დაწერა ბახტაძემ Facebook-ის საკუთარ გვერდზე.
წაგების მიუხედავად, დარწმუნებით შეიძლება ითქვას, რომ ქართველმა ჩოგბურთელმა ნადალის წინააღმდეგ შესანიშნავი მატჩი ჩაატარა. ბასილაშვილის აქტიურმა მოქმედებებმა 56 ბურთის მოგების შესაძლებლობა მისცა (ნადალმა მას 30 ბურთი მოუგო).
მერვედფინალში გასვლამ ბასილაშვილს 180 სარეიტინგო ქულა მოუტანა, რაც АТР-ს განახლებულ რეიტინგში მის პოზიციებს გააუმჯობესებს. რეიტინგი 10 სექტემბერს გამოქვეყნდება. გარდა ამისა, US Open-ზე წარმატებული გამოსვლის შედეგად ბასილაშვილმა უკვე 265 ათას დოლარზე მეტი თანხა გამოიმუშავა.
აღსანიშნავია, რომ ბასილაშვილი გახდა მეორე ჩოგბურთელი დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში, რომელმაც „დიდი სლემის“ სერიის ტურნირის მერვედფინალში მოხვედრა შეძლო. 2006 წელს ამ სტადიამდე, მხოლოდ „უიმბლდონზე“ ირაკლი ლაბაძემ მიაღწია. 12 წლის წინ ქართველი ჩოგბურთელი ვერ მოხვდა მეოთხედფინალში ჯერ კიდევ 20 წლის ნადალის წყალობით, რომელმაც სამ სეტში გაიმარჯვა — 6:3, 7:6, 6:3.
US Open 9 სექტემბრამდე გაგრძელდება, ტურნირის საერთო საპრიზო ფონდი 25 მილიონ 300 ათას აშშ დოლარს შეადგენს.