თბილისი, 2 სექტემბერი — Sputnik. სამართალდამცველებმა 45 წლის პ.ჭ ქურდობის ბრალდებით დააკავეს, ნათქვამია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინიტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
დაკავებული წარსულში არაერთგზის განზრახ მძიმე და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულებისათვის არის ნასამართლევი.
„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული 20 აგვისტოს ახალციხეში, ივანე ახალციხელის ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთი მოქალაქის საცხოვრებელი ბინაში უკანონოდ შევიდა, ფული, მობილური ტელეფონი, ძვირადღირებული პარფიუმერია მოიპარა და მიიმალა“,- ნათქვამია განცხადებაში.
გარდა ამისა, უწყების ცნობით, პ.ჭ.-მ 25 აგვისტოს ახალციხეში, იაძის ქუჩაზე ადგილობრივი მკვიდრის კუთვნილი ავტომობილიდან ფული მოიპარა. 28 აგვისტოს კი, ქუჩაში გაჩერებული ერთ-ერთი ავტომობილიდან სანადირო თოფს მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლა. მოპარული სანადირო თოფი დაკავებულის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას ნივთმტკიცების სახით იქნა ამოღებული.
დაკავებისას ბრალდებულმა პოლიციას წინააღმდეგობა გაუწია და სანადირო თოფიდან ჰაერში რამდეჯერმე გაისროლა.
ახალციხის რაიონულმა სასამართლომ პ.ჭ.-ს აღკვეთის ღონისძიების სახით წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.
გამოძიება საქართველოს სსკ-ს 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტებით ქურდობის ფაქტზე მიმდინარეობს, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია. ჩადენილი დანაშაული 4-იდან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.